უნეტარესი სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოსი ანასტასიოსი 92 წლის შესრულდა

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

დღეს, 2021 წლის 4 ნოემბერს, ალბანეთის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური, უნეტარესი სრულიად ალბანეთისა და ტირანის მთავარეპისკოპოსი ანასტასიოსი 92 წლის შესრულდა.

უნეტარესი ანასტასიოსი მსოფლიოს ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურებს შორის ასაკით ყველაზე უხუცესია.

უნეტარესი მთავარეპისკოპოსი ანასტასიოსი (ერში ანასტასიოს იანულატოსი) დაიბადა 1929 წლის 4 ნოემბერს, საბერძნეთში, ღვთისმოსავ მართლმადიდებელ ოჯახში. ბავშვობიდანვე აქტიურად მონაწილეობდა საეკლესიო ცხოვრებაში.

1947 წელს ის ჩაირიცხა ათენის უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით დაასრულა 1951 წელს. მომდევნო ორი წლის განმავლობაში მან გაირა სამხედრო სავალდებულო სამსახური.

1960 წელს ხელი დაასხეს დიაკვნად, ხოლო 1964 წლის 24 მაისს – მღვდლად. მსახურობდა აღმოსვლეთ აფრიკაში, ხოლო შემდეგ მოღვაწეობდა საბერძნეთში.

1965-1969 წლებში სწავლობდა გერმანიაში, ჰამბურგისა და მარბურგის უნივერსიტეტებში, რელიგიების ისტორიის სპეციალობაზე. დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, თემაზე: “მბანდავის სული და მათი კულტების სტრუქტურა: აფრიკის რელიგიების სხვადასხვა ასპექტების შესწავლა”. მოღვაწეობდა კამპალასა და უგანდის უნივერსიტეტებში.

1972 წლის 19 ნოემბერს ხელი დაასხეს ეპისკოპოსად და დაადგინეს ანდრუსის მღვდელმთავრად. ასევე, დაინიშნა საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო საეკლესიო კავშირების მისიის ხელმძღვანელად.

1980-იან წლებში უნეტარესი ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პაპისა და პატრიარქის ნიკოლოზ მეექვსის შეთავაზებითა და ლოცვა-კურთხევით, ეპისკოპოსი ანასტასი დადგინდა კენიის მღვდელმთავრად.

1991 წლის იანვარში ყოვლადუწმიდესმა მსოფლიო პატრიარქმა დიმიტრიოსმა, ეპისკოპოსი ანასტასი გაგზავნა ალბანეთში, როგორც მსოფლიო საყდრის საპატრიარქო ეგზარქოსი, ალბანეთის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის აღდგენისათვის.

1992 წლის 24 ივნისს ის აირჩიეს სრულიად ალბანეთის უნეტარეს მთავარეპისკოპოსად. ინტრონიზაცია შედგა იმავე წლის 2 აგვისტოს.
უნეტარესი სრულიად ალბანეთისა და ტირანის მთავარეპისკოპოსი ანასტასიოსი თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული და აღიარებული ღვთისმეტყველი გახლავთ.  

“მსოფლიო საეკლესიო სიახლენი” პატივისცემით ულოცავს მის უნეტარესობას სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს ანასტასიოსს დაბადებიდან 92 წლისთავს და საღვთო მადლით მრავალჟამიერ სიცოცხლესა და მოღვაწეობას უსურვებს.

ბოლო სიახლეები