ალექსანდრიის პატრიარქმა თეოდორემ საპასუხო წერილი გაუგზავნა მთავარეპისკოპოს ზენონს

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

2022 წლის 21 იანვარს უნეტარესმა ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პაპმა და პატრიარქმა თეოდორე მეორემ საპასუხო წერილი გაუგზავნა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის წევრს, მაღალყოვლადუსამღვდელოეს დმანისისა და ლორე-ტაშირის და დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოს ზენონს.

წერილის ქართულენოვან თარგმანს, რომელიც მთავარეპისკოპოსმა ზენონმა გაავრცელა სოციალური ქსელის პირად გვერდზე, გთავაზობთ უცვლელად:

“ყოვლადუსამღვდელოესო დმანისისა და აგარკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსო, ქრისტესმიერ საყვარელო ძმაო და თანამწირველო, უფალო ზენონ!

მადლი და წყალობა თქვენს ყოვლადღირსებას და მშვიდობა ჩვენი მაცხოვრისა და მხსნელის იესო ქრისტესი!

ამ საპატრიარქო წერილით გვსურს ჩვენი უღრმესი მადლიერება გამოვთქვათ თქვენს მიერ ჩვენდამი გამოგზავნილი მხარდაჭერის წერილისათვის, რომელიც თქვენი წმინდა მიტროპოლიის სამღვდელო დასისა და ერის წუხილს გამოხატავს რუსეთის ეკლესიის მიერ მიუღებელ და ანტიკანონიკურ „შეჭრაზე“ ალექსანდრიის უძველესი საპატრიარქოს კანონიკურ საზღვრებში.

ვალდებულნი ვართ მთელი ჩვენი ძალებით ვიბრძოლოთ, რათა დავიცვათ საუკუნეთაგან და ღმერთშემოსილი მამების მიერ გადმოცემული კანონიკური პრივილეგიები წმიდა მარკოზის საყდრისა.

თქვენს მიერ მხარდაჭერის ეს ღირსეული გამოხატულება ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის საპატრიარქოსადმი, საუკუნოდ დარჩება მადლიერებით ამოქარგული ჩვენი გულის მეხსიერებაში, როგორც მტკიცებულება თქვენი კეთილშობილი სიყვარულისა და ასევე გამომჟღავნება თქვენი პატივისცემისა რიგით მეორე საყდრის საპატრიარქოსა და მისი წინამძღოლისადმი.

კიდევ ერთხელ მადლიერების გრძნობით და თანასიხარულით განმსჭვალულნი, თქვენი ყოველდუსამღვდელოესის მიერ ძმური გრძნობების პირადად ჩვენდამი და ალექსანდრიის ეკლესიისადმი გამოხატვისათვის, გულითადად გისურვებთ ღვთის ყოველ კურთხევას და ძალას თქვენი მრავალმხრივი სამწყემსო და საზოგადოებრივი საქმის აღსრულებაში.

მუდამ თქვენი საყვარელი ქრისტესმიერი ძმა

თეოდორე

21 იანვარი, 2022″.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 12 იანვარს დმანისისა და ლორე-ტაშირის და დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსმა ზენონმა ოფიციალური წერილი გაუგზავნა უნეტარეს ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პაპსა და პატრიარქს თეოდორე მეორესა და ალექსანდრიის სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდს და ოფიციალურად დაგმო რუსეთის ეკლესიის ანტიკანონიკური შეჭრა და ე.წ. საეგზარქოსოს დაარსება ალექსანდრიის საპატრიარქოს კანონიკურ ტერიტორიაზე – აფრიკის კონტინენტზე და მხარდაჭერა გამოუცხადა ალექსანდრიის მართლმადიდებელ ეკლესიას, მის უნეტარეს პატრიარქსა და წმიდა სინოდს.

ბოლო სიახლეები