“თქვენ ჯვარს გვაცვამთ! თქვენ ჩვენი ჯვარმცმელები ხართ!” – ალექსანდრიელი ეპისკოპოსი კირილე გუნდიაევს მიმართავს

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

ალექსანდრიისა და აფრიკის უძველესი საპატრიარქოს მღვდელმთავარი, ბუკობასა და დასავლეთ ტანზანიის ეპისკოპოსი ქიზოსტომოსი პროტესტის წერილს უგზავნის რუსეთის ეკლესიის ხელმძღვანელს კირილე გუნდიაევს:

ბუკობასა და დასავლეთ ტანზანიის წმიდა საეპისკოპოსო

ბუკობა, 9 მაისი, 2022 წელი

მოსკოვის პატრიარქ კირილეს,

კლინინის ეპისკოპოს ლეონიდეს,

და ყველა იმ რუსს,

რომელიც ჩვენს საეპისკოპოსოსა და ჩვენს საპატრიარქოს ებრძვის.

ჩვენს ჯვარმცმელ რუსებს!

ჩვენო ჯვარმცმელებო!

ვიდღესასწაულეთ ჩვენც ქრისტეს აღდგომა, მთელი მსოფლიოს მართლმადიდებლებთან ერთად, რამდენიმე დღის წინ.

და მაინც, ჩვენო ჯვარმცმელებო!

ჩვენ აქ, ბუკობას საეპისკოპოსოში, ჯვარცმულები ვართ, რადგან თქვენ გვაცვით ჩვენ ჯვარს!

***

ორმოცი დღის წინ, უფალმა ღმერთმა და ჩემმა უნეტარესმა პატრიარქმა თეოდორემ ბუკობას ეპარქიაში ახალ ეპისკოპოსად დამნიშნა.

ეპარქიაში მოსვლამდე, შემატყობინეს რუსი ყოფილი მღვდლის, ანდრეა ნოვიკოვის უკანონო შემოჭრის შესახებ ჩემი პასუხისმგებლობის ზონაში.

ის მუანზაში კანონიკური ნებართვის გარეშე მოვიდა, მოიწვია 4 სქიზმატი მღვდელი და მათ ეპისკოპოს ლეონიდეს ოდიკი გადასცა.

რუსები უკრაინაში მართლმადიდებელ ძმებს ბომბებს ესვრიან, აფრიკაში კი – ოდიკებს, რათა გაანადგურონ და ამოძირკვონ ის, რომელიც „დაასხა მარჯვენამან მაღლისამან“.

მას შემდეგ ამ სქიზმატმა მღვდლებმა ყოველგვარი კავშირი გაწყვიტეს ჩვენთან და გვებრძვიან.

***

ეპარქიაში რომ მოვედი და სამრევლოებს ვეწვიე, გავიგე სქიზმატი მღვდლების მოქმედების შესახებ.

ამ მღვდლებს 2 წლის წინ ვიცნობდი, როცა საპატრიარქოს კომისარი და იერაპოსტოლის ხელმძღვანელი ვიყავი.

ყველას დახმარება გავუწიეთ, სულიერიც და მატერიალურიც.

პეტრე და ანასტასი განკვეთილები იყვნენ, მე კი დავაბრუნე ისინი, სინანულისა და მირონცხების შემდეგ, ეპარქიის ყველა მღვდელმსახურის ერთობის მიზნით. ორივე შეუერთდა სხვადასხვა სქიზმატურ ფსევდოეკლესიებს. ანუ განხეთქილების დანაშაული მათ ჩვევად ჰქონდათ ქცეული, რომლის განკურნებასაც ჩვენ ვცდილობდით. ახლა ისევ დაავადდნენ რუსული განხეთქილების მომაკვდინებელი სნეულებით, ფულის დაპირებებით შეაცდინეს ისინი რუსებმა, რომლებიც რწმენისა და სულების ვაჭრები აღმოჩნდნენ.

მაკარი ავად იყო და ლოცვითა და ფულადი დახმარებით ვედექი მას მხარში. მეუღლეს დაშორდა და ჯადოქრობა დაიწყო. როცა ავად გახდა, სამკურნალოდ ჯადოქართა საავადმყოფოში წავიდა. მივედი და ვიპოვე, მხარში დავუდექი, ვლოცულობდი. სხვა მღვდლებთან ერთად შვიდგზის ზეთისცხების საიდუმლო ჩავუტარე. ახლა კვლავ დაავადდა, „სიხარბის“ დიდი სნეულებით, რომელიც პავლე მოციქულის თანახმად “კერპთაყვანისმცემლობაა”.

პოლიკარპე უფრო დიდ სამრევლოში გადავიყვანე და ძალიან ვაფასებდი. ამხელა თვალთმაქცობასა და ორგულობას არ ველოდი. გეიტის წმინდა ეფემიას იერაპოსტოლური ცენტრის მშენებლობაც მას მივანდე.

ყოველთვიურ ხელფასს ვაძლევდი, ტრანსპორტიც ვაჩუქე, ანაფორებითა და შესამოსლებით შევმოსე, მათ ბავშვები უფასოდ ჩავწერე სკოლაში, დიდი ფულადი დახმარება გავუწიე სახლების აშენებაში.

მიყვარდა ისინი და ძალიან მიყვარს და არ ველოდი, რომ წავიდოდნენ, სიყვარულს უღალატებდნენ და უმადურები იქნებოდნენ.

გული მატკინეს და ძალიან მაწყენინეს.

***

ჩვენო ჯვარმცელებო!

თქვენ გახდით მიზეზი იმისა, რომ ისინი მოღალატეები გახდნენ ეკლესიის, რომელმაც მათ მღვდელმსახურება მიანიჭა და უმადურები გახადეთ კეთილისმყოფელთა მიმართ.

ჩვენო ჯვარმცმელებო!

დაავადებული მღვდლები ჩააგდეთ უკურნებელ სნეულებაში, სქიზმაში! როგორ იწონებთ ასეთი მღვდლების მსახურებას?!

როგორ ფიქრობთ, თქვენი ერთგულები იქნებიან მაშინ, როცა ისინი უმადურები აღმოჩნდნენ თავიანთი კეთილისმყოფელების მიმართ?

ადგილობრივებთან ამ თემაზე საუბრისას, მე მათ შემდეგი მაგალითი მოვუყვანე:

– შეიძლება თუ არა, ერთმა მამამ წაართვას სხვის ოჯახს შვილი და თავისი გახადოს?

– არა! – მიპასუხეს ადგილობრივებმა.

ჩვენო ჯვარმცმელებო, თქვენ გააკეთეთ ეს!

ალექსანდრიის საპატრიარქოს თავისი ოჯახიდან მღვდლები წაართვით.

როგორ აღიარებთ მათ მღვდელმსახურებას, როცა არ აღიარებთ ალექსანდრიის საპატრიარქოს, რომელმაც ეს მღვდელმსახურება უბოძა მათ?!

მე მათ კიდევ ერთხელ ვკითხე:

– შეიძლება თუ არა, ბავშვმა მიატოვოს ოჯახი და სხვა ოჯახს ეკუთვნოდეს?

– არა! – მიპასუხეს ადგილობრივებმა.

ჩვენო ჯვარმცმელებო, თქვენ აიძულეთ ჩვენი მღვდლები, დაეტოვინებინათ თავიანთი სულიერი ოჯახი!

***

თქვენ მოხვედით, რომ ჯვარს გვაცვათ ჩვენ!

და ჩვენ ჯვარცმულები ვართ თქვენს მიერ!

რისთვის მოხვედით აფრიკაში?!

რისთვის მოხვედით ტანზანიაში?!

რისთვის მოხვედით ბუკობაში?!

რა კავშირი გაქვთ გახურებულ აფრიკასთან თქვენ, გაყინულ რუსეთში მცხოვრებთ?!

მოხვედით, რომ დაგვეხმაროთ მისიონერულ მოღვაწეობაში?!

მოხვედით, რომ მოციქული მარკოზის ეკლესიას დაუდგეთ მხარში, აფრიკის ხალხებში მართლმადიდებლური რწმენის გავრცელებაში?!

მოხვედით, რომ სულები ცხონების გზაზე დააყენოთ?!

სამწუხაროდ, არაფერი ზემოთხსენებული არ ყოფილა თქვენი მიზანი!

ჯერ იქცევით როგორც რუსები და მერე როგორც მართლმადიდებლები. ესაა თქვენი ცდომილება. ეს არის ის დანაშაული, რომელსაც მართლმადიდებლობის წინაშე სჩადიხართ. შემოგაქვთ ეთნოფილეტიზმის მწვალებლობა.

უკვე 500 წელია რაც კონსტანტინუპოლის საპატრიარქოს ეომებით. ეომებით ჩვენს პატრიარქს. ეომებით აფრიკის ღარიბ მართლმადიდებლებს. ახლა კი ხოცავთ უკრაინელ მართლმადიდებლებს,

თქვენი ეთნოფილეტიზმით აფრიკულ ტომებს შორის დაყოფებს გამოიწვევთ და ადგილობრივ მართლმადიდებლებს გააუბედურებთ.

***

მარკოზ მოციქულიდან დღემდე, 2000 წელია, რაც აფრიკის მღვდლები ალექსანდრიის საპატრიარქოს ეპისკოპოსებისგან იღებენ მღვდლობას.

ალექსანდრიის შუქურა აგრძელებს მთელი სამყაროს ნათებას ათანასე დიდისა და წმინდა კირილეს მოძღვრებითა და დოგმებით, რომელთაც ატლანტებივით უჭირავთ მართლმადიდებლობა.

ალექსანდრიის საპატრიარქო აგრძელებს წმიდა სულიერი მართლმადიდებლური ცხოვრების სწავლებას, მის წმიდა ანტონისა და პახომის მონაზვნობით, რომლებიც მან დაბადა.

მარკოზ მახარებლის ეკლესია აგრძელებს ეკლესიის ხის მორწყვას თავისი მოწამეების სისხლით, ეკატერინეს, პროკოპის, კვიროსის, იოანეს და მრავალი სხვისი სისხლით და გვაძლევს ამ გზით მოწამეობის მაგალითის.

„შავი კონტინენტი“ ისევ ირწყვება მისიონერული ღვაწლით მოციქულების – მარკოზის, თომას, ნათანიელის, სიმონის – და მისიონერების – ფრუმენტის, ნიკოდემე სარიკასის, ქრიზოსტომე პაპასარანდოპულოს, არიტონ პნევმატიკაკის, კოზმა გრიგორიატის, ათანასე ანთიდის, ეგნატე პენტაპოლელის, ნიკიფორე კისნასელის და სხვების.

ნება მიეცით აფრიკელებს „დანაყრდნენ “, „წყურვილი მოიკლან“ და „იცოცხლონ“!

ნუ შეაფერხებთ მათ და ნუ „დაკარგავთ თქვენს სულებსაც“!

ბუკობასა და დასავლეთ ტანზანიის ეპისკოპოსი

ქრიზოსტომოსი

ბოლო სიახლეები