ილია მეორემ ეკლესია, როგორც ცოცხალი ორგანიზმი ვერ ჩამოაყალიბა – პატრიარქის პირადი თარჯიმანი

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

მრავალი წლის მანძილზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის პირადი თარჯიმანი, ცნობილი ბიზანტიოლოგი თამარ მესხი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“მიტროპოლიტი დიმიტრი პეტიციაზე ხელმომწერ მღვდელმთავრებს ამუნათებს და წერს: „პეტიციაზე ხელმომწერ მღვდელმთავრებს მივმართავ, ერთხელ მაინც თუ შეხვედრიხართ ამ ტანჯვა-წამება გამოვლილ ოჯახებს, მათი ჭირ-ვარამი თუ მოგისმენიათ?“.

მეუფეო, თქვენ რომ გინახავთ, რა გააკეთეთ? რით დაეხმარეთ? ახლა რომ გვახსენებთ იმ ამბებს, მაშინ შემოგეკრათ ზარი. ყველა თქვენს გვერდით დავდგებოდით. მე ის მაწუხებს, რომ 46 მღვდელმთავრიდან მხოლოდ ოთხს ეყო სინდისი და გამბედაობა, რომ სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის, მხარი სიცოცხლისთვის დაეჭირა.

უწმინდესს იუბილეებზე ხშირად ეუბნებიან, რომ მან სუდარაგადაფარებული ეკლესია ჩაიბარა და ააღორძინა. მეც ასე ვფიქრობდი, მაგრამ უკვე კარგა ხანია მივხვდი, რომ ჩვენს ეკლესიას ისევ ლეთარგიული ძილით სძინავს. უწმინდესმა აგვიშენა ეკლესიები, შეგვიქმნა არაჩვეულებრივი ხატები, აღადგინა და გაამრავალფეროვნა საეკლესიო საგალობლები და კიდევ ბევრი რამ, მაგრამ ეკლესია, როგორც ცოცხალი ორგანიზმი, ვერ ჩამოაყალიბა. ამიტომ ის კარგიც და დიდებულიც, რაც უწმინდესმა ამ 43 წლის განმავლობაში შექმნა, ელვისსისწრაფით განადგურდება, ისევე როგორც განადგურდა და ჩამოიქცა გელათი.

გამოფხიზლდით!”, – წერს თამარ მესხი.

თამარ მესხი, წლების მანძილზე, საქართველოს ეკლესიის უახლესი ისტორიის არაერთი მოვლენის მომსწრე და მონაწილეა. მათ შორის, 1990 წელს, ის იყო საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურ დელეგაციაში, რომელმაც კონსტანტინეპოლიდან (სტამბული) ჩამოიტანა მსოფლიო საპატრიარქოს მიერ საქართველოს ეკლესიის ისტორიული ავტოკეფალიისა და მისი მეთაურის საპატრიარქო ღირსების ცნობისა და აღიარების სიგელები.

ბოლო სიახლეები