30 წელი გავიდა მსოფლიო პატრიარქ დიმიტრიოსის გარდაცვალებიდან

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

ოცდაათი წლის წინ, 1991 წლის 2 ოქტომბერს, ღვთივმიიცვალა მისი ღვთაებრივი ყოვლადუწმიდესობა მსოფლიო პატრიარქი და კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსი დიმიტრიოსი.

პატრიარქი დიმიტრიოსი (ერში დიმიტრიოს პაპადოპულოსი) დაიბადა 1914 წლის 8 სექტემბერს. 1942 წელს აღიკვეცა მონაზვნად, რომლის შემდგომ ხელი დაასხეს დიაკვნად და მღვდლად. 1964 წელს ხელდასხმული იქნა ეპისკოპოსად. 1972 წელს მიენიჭა მიტროპოლიტის წოდება.

მსოფლიო პატრიარქ ათინაგორას გარდაცვალების შემდგომ, 1972 წლის 16 ივლისს, მიტროპოლიტი დიმიტრიოსი აირჩიეს კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსად და მსოფლიო პატრიარქად.

თავისი პატრიარქობისას ყოვლადუწმიდესი დიმიტრიოსი სტუმრობდა საქართველოს.

1990 წელს სწორედ ყოვლადუწმიდეს მსოფლიო პატრიარქ დიმიტრიოსის მეთაურობით მსოფლიო საპატრიარქომ ოფიციალურად სცნო და აღიარა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიული ავტოკეფალია და მისი მეთაურის საპატრიარქო პატივი.

ყოვლადუწმიდესმა მსოფლიო პატრიარქმა დიმიტრიოსმა ამ ისტორიულ მოვლენასთან დაკავშირებით აღნიშნა:

„მსოფლიო საპატრიარქოს მიერ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისა და მისი მეთაურის საპატრიარქო ღირსების ცნობა, აღნიშნულია მასში, ძალზე მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენა იმასთან ერთად, რომ იგი გახდა ესოდენ ძველი და პატივსაცემი ეკლესიის ღირსების ნიშანი. ამავე დროს მოწმობს, რომ ქართული ეკლესია თავის წვლილს შეიტანს მსოფლიოს ყველა მართლმადიდებელი ეკლესიის მჭიდრო ერთიანობისა და თანამშრომლობის საქმეში, რაც კიდევ უფრო საჭიროა ჩვენს დღეებში, ვიდრე უწინ.
ბუნებრივია ჩვენთვის ძალზე საყვარელი ქართული ეკლესიის სიხარული ამ პატივის გამო, მაგრამ ამ მოვლენასთან დაკავშირებით არანაკლებ სიხარულს განიცდის ჩვენი მთავარი ეკლესიაც. ავტოკეფალიისა და საპატრიარქო ღირსების ცნობა, ამავე დროს თავაზიანი ქართველი ხალხისადმი ჩვენი პატივისცემის გამოხატულებაა, რომელიც ინარჩუნებს თავისი მამაცი წინაპრების სარწმუნოების ერთგულებას. მთელი ისტორიის მანძილზე ეს ხალხი იბრძოდა იმისათვის, რომ შეენარჩუნებინა თავისი სარწმუნოება, იჩენდა ამ დროს მამაცობას, მოთმინებასა და გამჭრიახობას, როცა სიძნელეებს აწყდებოდა. ყოველივე ამას ვიწონებთ. ვუსურვებთ ყველას, ვინც მოისმენს ან წაიკითხავს ამ ეპისტოლეს, სიხარულით აღენიშნოს მოახლოებული აღდგომა.
დაე, სიხარული, კურთხევა, ნათელი და მშვიდობა ჩვენი იესოს აღდგომის გამო ყოველთვის იყოს მათთან და მათს ოჯახებთან!“.

მრავალმოწყალე უფალმა შეიწყალოს და მართალთა თანა დაამკვიდროს უკვდავი სული ყოვლადუწმიდესი პატრიარქი დიმიტრიოსისა და მისცეს მას საუკუნო ხსენება. ამინ.

მსოფლიო პატრიარქი დიმიტრიოსი და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე. თბილისი, საქართველოს საპატრიარქოს რეზიდენცია

მსოფლიო საპატრიარქოს მიერ საქართველოს ეკლესიის ისტორიული ავტოკეფალიის ცნობისა და აღიარების დამადასტურებელ სიგელს მსოფლიო პატრიარქი დიმიტრიოსი გადასცემს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს. სტამბული (ისტორიული კონსტანტინეპოლი), ფანარის წმიდა დიდმოწამე გიორგის სახელობის საპატრიარქო ტაძარი, 1990 წელი.

ბოლო სიახლეები