მმკ ექსტრემისტული დაჯგუფებაა, რომელიც საპატრიარქოს ზოგიერთმა რგოლმა წაახალისა – ლაშა დეისაძე-შარვაშიძე

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

ისტორიის დოქტორი და თეოლოგი ლაშა დეისაძე-შარვაშიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება ე.წ. “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის” ხელმძღვანელი სასულიერო პირების მიერ გამოთქმულ კრიტიკულ შეფასებებს მიმდინარე წლის 26 ივნისს ვატიკანში, სიქსტეს კაპელაში, თბილისის ყოვლადწმიდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის გუნდის მიერ გამართული კონცერტის შესახებ. ამ ფონზე, ლაშა დეისაძე-შარვაშიძე ასევე ზოგადად მიმოიხილავს “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის” მრავალწლიან საქმიანობას საქართველოში და წერს:

“საქართველოში მრავალი წლის მანძილზე მოქმედი ე.წ. “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი”, რომელსაც მართლმადიდებლობა მხოლოდ სახელწოდებაში აქვს და რეალურად არაფერი გააჩნია საერთო ამ სარწმუნოებასთან, ამ დღეებში გააფთრებით იბრძვის იმ ძალიან ღირსშესანიშნავი, ისტორიული ფაქტის წინააღმდეგ, რომელიც ორი დღის წინ სიქსტეს კაპელაში ვიხილეთ.

ხსენებული ექსტრემისტულ-ფსევდოქრისტიანული დაჯგუფება თავის დროზე, წლების წინ, საქართველოს საპატრიარქოს ადმინისტრაციაში მყოფი ოფიციალური თუ არაფორმალური ზოგიერთი რგოლის მიერ წახალისებული და მხარდაჭერილი იყო პირდაპირ თუ ირიბად და ვფიქრობ, საჭიროების შემთხვევაში ახლაც არ მოერიდებიან მათ გამოყენებას.

აღნიშნულმა ფსევდომართლმადიდებლურმა ბანდამ, წოდებულმა “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირად”, არაერთხელ დაარღვია საეკლესიო სამართალი, მისმა წევრმა სასულიერო და საერო პირებმა მრავალგზის გამოიჩინეს უკიდურესი თავხედობა და თავიანთი ანტიქრისტიანული და პოპულისტური განცხადებებით არაერთხელ თავს დაესხნენ მსოფლიო პატრიარქს, სხვა ღირსეულ უცხოელ თუ ქართველ მღვდელმთავრებსა და მღვდელმსახურებს, ხალხს მოუწოდებენ და უნერგავენ გონებრივ სიბნელეს, ფანატიზმსა და ფსევდოფუნდამენტალიზმს.

არცერთ ამგვარ შემთხვევაში, სამწუხაროდ, საქართველოს საპატრიარქოს არ მოუხდენია ოფიციალური ქმედება მათ ამ ქმედებებზე, არ დაუგმია მათი ცილისმწამებლური და თავხედური განცხადებები, არ მოუწოდებია ქართველი მორწმუნე ერისთვის, რომ არ გაეზიარებინათ მმკ-ს შეხედულებები და მაშინ, როდესაც არაერთი ღირსეული სასულიერო პირის წინააღმდეგ პიროვნული ანგარიშსწორების მიზნით გამოტანილი იქნა ტენდენციური და უსამართლო სასჯელები, მმკ-ს წევრ მღვდელმსახურთა წინააღმდეგ, მიუხედავად მათი მრავალგზისი გადაცდომისა, არ ყოფილა გამოყენებული არცერთი საეკლესიო სასჯელი, რომელიც სრულიად სამართლიანი და ცალსახად აუცილებელი იქნებოდა. მეტიც, ოცდახუთი წლის წინ, 1997 წელს, სწორედ ამ ფსევდომართლმადიდებლური, ფანატიკოსი და ექსტრემისტული ძალების ზეწოლით, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია გამოვიდა ეკლესიათა მსოფლიო საბჭოდან, რომელშიც საქართველოს ეკლესია გაწევრიანდა 1962 წელს და საბჭოთა რეჟიმისას ეს იყო ერთადერთი მსოფლიო საერთაშორისო ორგანიზაცია, სადაც საბჭოთა ანექსირებული საქართველო მსოფლიოს წინაშე წარდგა, როგორც დამოუკიდებელი სუბიექტი თავისი ეკლესიის სახით. ამგვარად, ამ ექსტრემისტული ძალების ზეწოლით საქართველოს ეკლესია საერთაშორისო იზოლაციაშიც კი მოექცა, რომელიც, სამწუხაროდ, დღემდე გრძელდება.

ამჟამად, როდესაც მიმდინარეობს საეჭვო (შესაძლოა კლანურიც) დაპირისპირება მმკ-სა და საპატრიარქოს ადმინისტრაციის ზოგიერთ რგოლს შორის (ვერ გამოვრიცხავთ, რომ ამ შემთხვევაშიც მიმდინარეობდეს გარკვეული მიზნების მისაღწევად ორმაგად დადგმული თამაში), რა თქმა უნდა, ეს საერთოდ არ მედარდება და არ მეფიქრება, რადგან სხვა საეჭვო გარემოებებთან ერთად, ბუმერანგის კანონზომიერ პრინციპსაც ვხედავ, მაგრამ მეფიქრება და მედარდება იმ არაერთი ადამიანის სული და სარწმუნოებრივი მდგომარეობა, რომლებიც წლების მანძილზე ქრისტიანობის საწყისებს ააცილა ე.წ. მართლმადიდებელ მშობელთა კავშირმა და მისმა იდეოლოგმა და ხელმძღვანელმა სასულიერო პირებმა და სამწუხაროდ, საქართველოს ეკლესიამ, არც სინოდურ და არც საპატრიარქოს ადმინისტრაციის დონეზე, ოფიციალურად არაფერი იღონა ამ ფანატიკური ბანდის შესაჩერებლად და მათგან საღ სარწმუნოებრივ გზას აცდენილი ადამიანების სულების გადასარჩენად (მეტიც, როგორც აღვნიშნე, მმკ არაერთხელ პირდაპირ თუ ირიბად წახალისებული გახლდათ საქართველოს საპატრიარქოს ადმინისტრაციის ზოგიერთი რგოლის მიერ).

სამწუხაროდ, ყოველივე ეს კიდევ ერთი ძალიან დიდი, სასიცოცხლოდ საჭირბოროტო პრობლემაა, რომელიც მრავალი წელია აზვირთებულია საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ და დიდი ხანია საშიში ხასიათი მიიღო, რაც დღესდღეობით კვლავ მძვინვარებს და თუ არ იქნება გამოყენებული სამართლიანი საეკლესიო სასჯელები მმკ-ს სულისჩამდგმელი, იდეოლოგი და ხელმძღვანელი სასულიერო პირების წინააღმდეგ, მაშინ, სამწუხაროდ, კიდევ მრავალ ადამიანს ჩამოაცილებენ ისინი ჭეშმარიტ საეკლესიო ცნობიერებას და მიმართავენ ფანატიზმის, ექსტრემიზმისა და სიყალბის გზისკენ”, – წერს ისტორიის დოქტორი და თეოლოგი ლაშა დეისაძე-შარვაშიძე.

ბოლო სიახლეები