გარდაიცვალა რუსეთის ეკლესიის უპირატესი და უხუცესი მღვდელმთავარი, მიტროპოლიტი ვლადიმერი

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

2022 წლის 19 იანვარს, ღმრთის განცხადების – უფლის ნათლისღების დღესასწაულზე, 92 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, ღმრთივმიიცვალა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ქიროტონიით უპირატესი და ასაკით უხუცესი მღვდელმთავარი, მაღალყოვლადუსამღვდელოესი მიტროპოლიტი ვლადიმერი (კოტლიაროვი).

ერში ვლადიმერ საბას ძე კოტლიაროვი დაიბადა 1929 წლის 27 მაისს ყაზახეთში, ქ. აქტიუბინსკში, დიაკვნის ოჯახში.

1953 წლის 22 მაისს ხელი დაასხეს დიაკვნად, იმავე წლის 24 მაისს – მღვდლად.

1962 წლის თებერვალში აღიკვეცა მონაზვნად. იმავე წელს მიენიჭა არქიმანდრიტის წოდება.

1962 წლის 30 დეკემბერს არქიმანდრიტ ვლადიმერს ხელი დაასხეს ეპისკოპოსად.

1967 წლის 20 ოქტომბერს ეპისკოპოს ვლადიმერს მიენიჭა მთავარეპისკოპოსის წოდება.

1992 წლის 25 თებერვალს მთავარეპისკოპოს ვლადიმერს მიენიჭა მიტროპოლიტის წოდება.

მეუფე ვლადიმერი სხვადასხვა დროს მართავდა შემდეგ ეპარქიებს: ვორონეჟისა და ლიპეცის, პოდოლის, კიროვისა და სლობოდის, ბერლინისა და შუა ევროპის (შუა ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსი), როსტოვისა და ნოვოჩერკასის, ირკუტისა და ჩიტინის, ვლადიმირისა და სუზდალის, კრასნოდარისა და ყუბანის, ფსკოვისა და პორხოვის, კვლავ როსტოვის.

1995 წლის 27 დეკემბერს მიტროპოლიტი ვლადიმერი დადგინდა სანკტ-პეტერბურგისა და ლადოგის ეპარქიის მმართველ მღვდელმთავრად და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის მუდმივ წევრად.

მიტროპოლიტ ვლადიმერს მიენიჭა სანკტ-პეტერბურგის საპატიო მოქალაქის წოდება.

2013 წლის 12 მარტს წმიდა სინოდის განჩინებით სანკტ-პეტერბურგისა და ლადოგის მიტროპოლიტი ვლადიმერი დადგინდა სანკტ-პეტერბურგის მიტროპოლიის მეთაურად.

2009 წლის 1 თებერვალს, მოსკოვის ქრისტე მაცხოვრის სახელობის საპატრიარქო ტაძარში, სანკტ-პეტერბურგისა და ლადოგის მიტროპოლიტმა ვლადიმერმა, კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტ ვლადიმერთან ერთად მიტროპოლიტი კირილე აღასაყდრა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქად.

2014 წლის 19 მარტს, ასაკისა და ფიზიკური უძლურების გამო, რუსეთის ეკლესიის წმიდა სინოდის განჩინებით, სანკტ-პეტერბურგისა და ლადოგის მიტროპოლიტი ვლადიმერი გავიდა პენსიაზე. მიტროპოლიტ ვლადიმერს საცხოვრებელ ადგილად განესაზღვრა სანკტ-პეტერბურგის ყოვლადწმიდა სამების ალექსანდრე ნეველის ლავრა და ასევე დადგინდა სანკტ-პეტერბურგის ვლადიმირის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის სახელობის ტაძრის საპატიო წინამძღვრად.

2022 წლის 19 იანვარს მიტროპოლიტი ვლადიმერი ზესთასოფელს შეუერთდა.

დღესვე მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ სამძიმრის ოფიციალური წერილით მწუხარება გამოთქვა საპატრიარქო ტახტზე თავისი ერთ-ერთი აღმსაყდრებლის, მიტროპოლიტ ვლადიმერის გარდაცვალების გამო.

მრავალმოწყალე ღმერთმა შეიწყალოს და აცხოვნოს ახალშესვენებულ მიტროპოლიტ ვლადიმერის უკვდავი სული და მისცეს მას საუკუნო ხსენება. ამინ.

გთხოვთ, თქვენს წმიდა ლოცვებში მოიხსენეთ ახალშესვენებული მიტროპოლიტი ვლადიმერი.

ბოლო სიახლეები