რუსეთის ეკლესიაში აკურთხეს ვლადიკავკაზისა და ალანიის ახალი ეპისკოპოსი [ფოტო]

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

2021 წლის 14 ოქტომბერს, ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის საფარველის დღესასწაულზე, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ, რუსეთის ეკლესიის მღვდელმთავართა თანამსახურებით, საზეიმო საღმრთო ლიტურგია აღავლინა მოსკოვის ქრისტე მაცხოვრის სახელობის საპატრიარქო ტაძარში.

საღმრთო ლიტურგიისას, რუსეთის ეკლესიის მეთაურმა და მღვდელმთავრებმა, არქიმანდრიტ გერასიმეს ხელი დაასხეს ეპისკოპოსად. მეუფე გერასიმე დადგენილია ვლადიკავკაზისა და ალანიის ეპისკოპოსად.

ეპისკოპოსი გერასიმე (ერში ვიტალი შევცოვი) დაიბადა 1971 წლის 8 სექტემბერს. მონაზვნად აღიკვეცა 1997 წლის 17 აპრილს. საერო უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ 1997 წელს დაასრულა მოსკოვის სასულიერო სემინარია, ხოლო 2001 წელს – მოსკოვის სასულიერო აკადემია.

შეგახსენებთ, რომ ვლადიკავკაზისა და ალანიის ეპარქიის წინა მმართველი მღვდელმთავარი, მთავარეპისკოპოსი ლეონიდე 2021 წლის სექტემბერში რუსეთის ეკლესიის წმიდა სინოდმა გადაიყვანა რუსეთის პატრიარქის ქორეპისკოპოსად და უწოდა მას კლინის მთავარეპისკოპოსი. ის ამავდროულად არის რუსეთის ეკლესიის საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე.

ბოლო სიახლეები