სანკტ-პეტერბურგში მიტროპოლიტ ვლადიმერის წესის აგება და დაკრძალვა გაიმართა

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

2022 წლის 21 იანვარს სანკტ-პეტერბურგის ალექსანდრე ნეველის სახელობის ლავრის ყოვლადწმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში წესი აუგეს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ქიროტონიით უპირატეს და ასაკით უხუცეს მღვდელმთავარს, მიტროპოლიტ ვლადიმერს (კოტლიაროვი).

მიტროპოლიტ ვლადიმერის სულის საოხად საღმრთო ლიტურგია და წესის აგება აღასრულა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის მუდმივმა წევრმა, სანკტ-პეტერბურგისა და ლადოგის მიტროპოლიტმა ბარსანოფიმ, რომელსაც თანამსახურებდნენ: პეტროზავოდისა და კარელიის მიტროპოლიტი კონსტანტინე, ვიბორისა და პრიოზერის ეპისკოპოსი ეგნატე, კრონშტადტის ეპისკოპოსი ნაზარი, ტიხვინისა და ლოდეინოპოლის ეპისკოპოსი მსტისლავი, გატჩინისა და ლუჟსკის ეპისკოპოსი მიტროფანე, ისტრინის ეპისკოპოსი სერაფიმე, პეტერგოფის ეპისკოპოსი სილუანე და სანკტ-პეტერბურგიის მიტროპოლიის სასულიერო დასი.

მიტროპოლიტი ვლადიმერი დაკრძალეს სანკტ-პეტერბურგის წმიდა მთავარ ალექსანდრე ნეველის სახელობის ლავრის ნიკოლსკის სასაფლაოზე.

დაკრძალვამდე სანკტ-პეტერბურგისა და ლადოგის მიტროპოლიტმა ბარსანოფიმ წაიკითხა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის კირილეს სამძიმრის ოფიციალური წერილი. დაკრძალვას დაესწრნენ: სანკტ-პეტერბურგის გუბერნატორი ალექსანდრე ბეგლოვი, სანკტ-პეტერბურგის საკანონმდებლო ასამბლეის სპიკერი ალექსანდრე ბელსკი, რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი (სანკტ-პეტერბურგიდან არჩეული) მიხეილ რომანოვი და სხვა ოფიციალური პირები.

მიტროპოლიტი ვლადიმერი (ერში ვლადიმერ კოტლიაროვი) დაიბადა 1929 წლის 27 მაისს. ის 1962 წლის 30 დეკემბერს იქნა ხელდასხმული ეპისკოპოსად.

მეუფე ვლადიმერი სხვადასხვა დროს მართავდა შემდეგ ეპარქიებს: ვორონეჟისა და ლიპეცის, პოდოლის, კიროვისა და სლობოდის, ბერლინისა და შუა ევროპის (შუა ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსი), როსტოვისა და ნოვოჩერკასის, ირკუტისა და ჩიტინის, ვლადიმირისა და სუზდალის, კრასნოდარისა და ყუბანის, ფსკოვისა და პორხოვის, კვლავ როსტოვის.

მიტროპოლიტი ვლადიმერი 1995-2014 წლებში მართავდა სანკტ-პეტერბურგისა და ლადოგის ეპარქიას. მას მიენიჭა სანკტ-პეტერბურგის საპატიო მოქალაქის წოდება.

2009 წლის 1 თებერვალს, მოსკოვის ქრისტე მაცხოვრის სახელობის საპატრიარქო ტაძარში, სანკტ-პეტერბურგისა და ლადოგის მიტროპოლიტმა ვლადიმერმა, კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტ ვლადიმერთან ერთად მიტროპოლიტი კირილე აღასაყდრა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქად.

2014 წელს, ასაკისა და ფიზიკური უძლურების გამო, რუსეთის ეკლესიის წმიდა სინოდის განჩინებით, მიტროპოლიტი ვლადიმერი გავიდა პენსიაზე.

მიტროპოლიტი ვლადიმერი ღმრთივმიიცვალა 2022 წლის 19 იანვარს, 92 წლის ასაკში.

საუკუნოდ იყოს ხსენება და კურთხევა მისი.

მიტროპოლიტ ვლადიმერის წესის აგებისა და დაკრძალვის ფოტოები იხილეთ ბმულზე: http://mitropolia.spb.ru/news/mitropolit/?id=202497#ad-image-5

ბოლო სიახლეები