დეკ. ილია ჭიღლაძე: “ორი თვეა კათოლიკოს-პატრიარქს აღარ უწირია…”

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

Facebook-ის პირად გვერდზე, საინტერესო და ემოციურ სტატუსს აქვეყნებს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ექსარქიის, მანჩესტერის ქართული სამრევლოს წინამძღვარი, დეკანოზი ილია ჭიღლაძე, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

”ორი თვეა კათოლიკოს-პატრიარქს აღარ უწირია, ბოლოს 19 აგვისტოს, ფერისცვალებას სწირა, როგორც მახსოვს. დიდ ასაკშია და ფიზიკურად დაუძლურდა, კიდევ კარგად გაუძლო მისმა ორგანიზმა ამდენ დაავადებებს (პარკინსონი, გულის ავადმყოფობანი, დიაბეტი…), ყოველი უძლურებაში მყოფი ადამიანი გულწრფელ თანაგრძნობას და სიბრალურს იმსახურებს, მიუხედავად იმისა, მოგვწონს თუ არა ის (მისი ქმედებები). დღეს, პირველად 44 წლის მანძილზე სვეტიცხოვლობას არ სწირა პატრიარქმა ილიამ, მის მაგივრად მოსაყდრედ წოდებულმა მიტროპოლიტმა შიომ აღავლინა წირვა და 43 კაციანი სინოდიდან დაახ. 14 წევრი ესწრებოდა. რა არის ეს, თუ არა ეკლესიის სულიერი დასუსტება-დაშლის, კათოლიკე (საყოველთაო) ეკლესიად წოდებული სვეტიცხოვლის დიდი დღესასწაულის გაუფერულება-უპატივცემულობა, სინოდის არაერთიანობა?! ილია მეორის წირვისას ხომ კარგად იდგნენ ორმოცამდე ეპისკოპოს-მიტროპოლიტები მწკრივ-მწკრივად ხოლმე?! მაშინ სვეტიცხოვლობის გამო მიდიოდნენ თუ ილიამადიდებლობის?! თუ სვეტიცხოვლობის გამო დადიოდნენ, ახლა რაღა მოხდა?! უბრალოდ თვალსაჩინოა ეს სამარცხვინო ვითარება. რას ჰგავს ეს?! სხვა საკითხია ის, როდესაც ადამიანს ფიზიკურად აღარ შეუძლია დაკისრებული მოვალეობის შესრულება, ნორმალურ საზოგადოებაში, თუ ეკლესიაში, გადადგება ხოლმე და იმას უთმობს ადგილს, ვისაც შესწევს საამისო ენერგია. უამრავი პატრიარქი გადამდგარა ტახტიდან საკუთარი ნებასურვილით და არ დანგრეულა ამით არაფერი, მათ შორის დიდი კათოლიკოს-პატრიარქი ნიკოლოზ გულაბერისძე, სვეტიცხოვლის საგალობელი საკითხავი ჰიმნოგრაფიული კანონის დამწერი, მაგრამ ილია მეორემ ისე გააკერპებინა თავი ამ ერს და ბერს, მის გარეშე ვერაფერი ვერ წარმოუდგენიათ, ესაა ჩვეულებრივი პიროვნების კულტი და მეკერპეობა, მეტი არაფერი. როდესაც წინა წლებში რომის პაპი ბენედიქტე გადადგა, მან ეს თქვა: მე ვხედავ, რომ ჩემი სიბერის გამო სათანადოდ ვეღარ ვახერხებ წმ. პეტრეს სამსახურს (მსახურებას). რას ნიშნავს მოციქულ პეტრეს სამსახური ალბათ გასაგებია მკითხველისათვის: იგულისხმება დაკისრებული საეპისკოპოსო/საპატრიარქო მისიის ანუ ეკლესიის ორგანიზაციული ადმინისტრირების, წირვა-ლოცვის, ქადაგების, მღვდელმთავრული ვიზიტების და ა.შ. განხორციელება დაუბრკოლებლად. არ შეიძლება საეკლესიო სისტემა ერთ კაცზე იყოს ჩამოკიდებული, მის ავტორიტეტს და ძალას ამოეფარნონ და წურბელებივით სისხლს სწოვდნენ, ვითომ ერთგულებით, მაამებლობით ჩასძახოდნენ: “უშენოდ ვერ ვიარსებებთ, თქვენზე კარგი არავინაა, თქვენზე უკეთ ვერავინ გააკეთებს, არ გადადგეთ, დავიღუპებით!”. ესენი ვითომ პატრიარქს ერთგულება-სიმპათიას უმტკიცებდნენ, სინამდვილეში ორმოს უთხრიდნენ თავისი სიბრიყვით და პასუხისმგებლობის თავიდან ირიდებდნენ, საკუთარი მოწყობილი კომფორტის დანგრევას შიშობდნენ, მეტი არაფერი, საქართველოს ეკლესიის მდგომარეობა კი დღითიდღე სამარცხვინო და არეული ხდება უკვე არაერთი წელია.

P.S. რასაც ილია მეორეს ვერ დავუკარგავთ და შესანიშნავი ჰქონდა, ეს იყო წირვა-ლოცვის ზეიმური, სასოებით და შესაფერისი საეკლესიო კილოზე ხმის წართქმით აღსრულება, დღეს ზოგიერთი რას კნავის, ჭყავის, ღმუის და რა უშნოდ, რა უსულოდ აღასრულებს, გამკვირვებია მართლა.” – წერია დეკანოზის სტატუსში.

ბოლო სიახლეები