კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი დიმიტრი

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

2022 წლის 23 იანვარს, კორონავირუსული ინფექციის შედეგად, 46 წლის ასაკში ღმრთივმიიცვალა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის წევრი, ყოვლადუსამღვდელოესი ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი დიმიტრი.

ერში რამაზ კაპანაძე დაიბადა 1975 წლის 19 ივნისს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფ. ხორითში. მონაზვნად აღიკვეცა 1995 წლის 16 დეკემბერს და წმიდა დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელის სახელზე ეწოდა დიმიტრი. 1996 წლის 10 მარტს ხელდასხმული იქნა იეროდიაკვნად, ხოლო 1997 წლის 12 იანვარს – მღვდელმონაზვნად. შემდგომ მიენიჭა იღუმენისა და არქიმანდრიტის წოდებები.

2013 წლის 11 ოქტომბერს საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა არქიმანდრიტი დიმიტრი (კაპანაძე) გამოარჩია ეპისკოპოსად. 2013 წლის 27 ოქტომბერს მცხეთის წმიდა თორმეტი მოციქულის სახელობის სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში აღესრულა მისი ქიროტონია ეპისკოპოსად.

ეპისკოპოსი დიმიტრი 2013-2015 წლებში მართავდა მარგვეთისა და უბისის ეპარქიას, ხოლო 2015 წლიდან დღემდე – ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიას. მას შემდეგ, რაც 2021 წლის 19 სექტემბერს, კორონავირუსული ინფექციის შედეგად გარდაიცვალა ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგი (ჩეკურიშვილი), ნეკრესის დაქვრივებული ეპარქიის დროებით მმართველად დაინიშნა ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი დიმიტრი.

მრავალმოწყალე უფალმა შეიწყალოს და აცხონოს ახალშესვენებულ ეპისკოპოს დიმიტრის უკვდავი სული და მისცეს მას საუკუნო ხსენება. ამინ

გთხოვთ, თქვენს წმიდა ლოცვებში მოიხსენეთ ახალშესვენებული ეპისკოპოსი დიმიტრი.

“მსოფლიო საეკლესიო სიახლენი” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოს დიმიტრის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდს, ხორნაბუჯისა და ჰერეთის და ნეკრესის ეპარქიებს, განსვენებული მღვდელმთავრის სულიერ შვილებსა და ოჯახის წევრებს.

ბოლო სიახლეები