სვეტიცხოვლის ტაძრის საგანძური [ფოტო]

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

XI საუკუნეში აგებული ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი – სვეტიცხოველი – საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მთავარი საპატრიარქო ტაძარი და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთა აღსაყდრების ადგილია.

ჯერ კიდევ IV საუკუნეში გაქრისტიანებულ მირიან მეფეს წმინდა ნინოს რჩევით აქ პირველი ხის ეკლესია აუშენებია, რომელიც მალევე განადგურდა. მეფე ვახტანგ გორგასლის დროს, V საუკუნის II ნახევარში, ამავე ადგილზე ბაზილიკა აშენდა, XI საუკუნეში კი დაზიანებული ბაზილიკის ადგილზე ქართლის კათოლიკოსმა მელქისედეკმა ახალი ტაძარი ააგებინა. ტაძრის ხუროთმოძღვარი არსუკისძე იყო. მშენებლობა 1010 წელს დაიწყო და 1029 წელს დამთავრდა.

სვეტიცხოველი მიწისძვრების გამო თუ მტრის შემოსევებისას არაერთხელ დაზიანდა. სხვადასხვა საუკუნეში მის აღდგენაზე ზრუნავდნენ მეფე გიორგი VI ბრწყინვალე, მეფე ალექსანდრე დიდი, როსტომ მეფე და სხვა საერო თუ სასულიერო პირები.

საქართველოს ეროვნული არქივი მდიდარია სვეტიცხოველთან დაკავშირებული საარქივო მასალით. ამ გვერდზე წარმოგიდგენთ ისტორიული საბუთების, ხელნაწერების, ფოტოებისა და კინოკადრების ნაწილს, რომელიც ტაძრის ისტორიას ასახავს.

მელქისედეკ კათალიკოსის შეწირულების წიგნი მცხეთის სხვეტიცხოვლისადმი.
1031/1033 წლები

დედანი დაკარგულია. მე-12 საუკუნეში (სხვე ვერსიით, მე-11 საუკუნის ბოლო მეოთხედში) გადაწერილი პირი. ფრაგმენტი.

საბუთის ტექსტის ფრაგმენტი: „ესე დაწერილი მოვახსენე და შევსწირე ყოველთავე ჩრდილოეთისა კედართა შორის უაღრესსა და უაღმატებულეს-უდიდებულესსა, წმიდასა და კათოლიკე და სამოციქულოსა საყდარსა მცხეთისასა, სალოცველსა და სახლსა ღმრთისა დიდებისასა და მას შინა ღმრთივ-აღმატებულსა სუეტსა ცხოველსა, კუართსა სამეუფოსა და მირონსა ღმერთ-მყოფელსა და წმინდა-მყოფელსა, ჩუენ, ქრისტეს მიერ კურთხეულმან ქართლისა კათალიკოზ-პატრიარქმან მელქიზედეკ, მას ჟამსა, ოდეს უღირსი ესე ღირს ვიქმენ საჭეთ-პყრობად წმიდისა ამის ტაძრისა კათოლიკე სამოციქულოისა ეკლესიისა და შევამკევ სალხინებელად სულისა ჩემისა და წარსამართებელად ქრიატიანეთა. და შევამკევ ყოველთავე სამკაულობითა, გარეთითა ბჭითა და გარშეო სტოითა მოქმნითა და ზედადაბურვითა…“.

მცხეთაში სამეცნიერო ექსპედიციისას გადაღებული ნივთები:

ა) ვარსკვლავი;
ბ) სვეტიცხოვლის სანაწილე (სვეტის სასწაულის გამოსახულებით), XVIII საუკუნე. XX საუკუნის პირველი მეოთხედის ჩათვლით ლუსკუმა სვეტიცხოველის ტაძარში ინახებოდა. დაცულია ხელოვნების მუზეუმში;
გ) ჭედური სანაწილე;
დ) სამი ჯვარი;
ე) ბარძიმი კოვზით;
ვ) ტაკუკი ლამბაქით.
მცხეთა. ფოტო დიმიტრი ერმაკოვის კოლექციიდან, 1900-იანი წლები

ფეშხუმის პერექელი. კომპოზიცია „ხატი მიძინებისა“, 1660-1675 წწ. მცხეთა, სვეტიცხოველი. დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების მუზეუმში. დიმიტრი ერმაკოვის კოლექციიდან

ბარძიმის პერექელი. 1660-1675 წწ. კომპოზიცია „ზვარაკი ბარძიმში“. მცხეთა, სვეტიცხოველი. ამჟამად დაცულია საქართველოს ხელოვნების მუზეუმში. დიმიტრი ერმაკოვის კოლექციიდან

ა) გარდამოხსნა, კომპოზიცია „მაცხოვრის დატირება“. 1680/82 წწ. სვეტიცხოველი, მცხეთა; ბ) ოლარი, კომპოზიცია: ქრისტე – „განპყრობილი“ და მოციქულები. 1678-1680 წწ. სვეტიცხოველი, მცხეთა

კარედი სვეტის სასწაულით. გამოსახულები არიან: წმინდა ნინო, მირიან მეფე, წმინდა სიდონია კვართით და შუაში ანგელოზი ცხოველსმყოფელი სვეტით. სვეტიცხოველი, მცხეთა. დიმიტრი ერმაკოვის კოლექცია

საკათალიკოსოს მამულების სითარხნის გუჯარი მიცემული გიორგი VIII მიერ მცხეთის ეკლესიისადმი (პალიმფსესტი) 1447 წლის 25 დეკემბერი

დაფიცების სიგელი ქართლის კათალიკოს აბალაკ II-ისა და ,,საყდრის შვილების”, დავით აღმაშენებლის მიერ მცხეთის სვეტიცხოველისთვის შეწირული სოფელ ჯიმითის საზღვრების დადგენის შესახებ. ერთერთ საზღვრად მოხსენებულია დავით IV-ის მიერ აშენებული ეკლესია. 1492-1497 წწ.

ყმა-მამულის შეწირულების წიგნი მეფე ალექსანდრე II-ისა სვეტიცხოველისადმი. შესწირა ბარაუნთაში მონასტერი, ხატისკარი ორმოცდაორი კომლით და ალაზანზე საწისქვილე. გრაგნილი. 1579 წ.

მცხეთისა და სვეტიცხოვლის უძველესი ფოტო. 1858 წ. ალექსანდრე ივანიცკის ფოტო

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში 1917 წელს გამოცხადდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა

საქართველოს მართლადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის (25 მარტი, 1917 წელი) შემდეგ გამართული სრულიად საქართველოს პირველი საეკლესიო კრებისმონაწილენი. 1917 წელი. პირველ რიგში, მარცხნიდან მეოთხე: დეკანოზი ე. ვეფხვაძე. მეორე რიგში, მარცხნიდან მეორე: მღვდელი ზოსიმე ნემსიწვერიძე; მეოთხე: მღვდელი გიორგი კალანდარიშვილი; მეხუთე: დეკანოზი ნიკიტა თალაკვაძე, მეექვსე: ეპისკოპოსი პიროსი ოქროპირიძე; მიტროპოლიტი ანტონ გიორგაძე; მერვე: კათოლოკოს-პატრიარქი კირიონი /საძაგლიშვილი/; მეცხრე: მიტროპოლიტი ლეონიდე ოქროპირიძე; მეათე: არქიმანდრიტი ამბროსი ხელაია; მეთერთმეტე: არქიმანდრიტი დოსითეოს ბერძენიშვილი; მეთორმეტე: არქიმანდრიტი დიმიტრი; მეცამეტე: არქიმანდრიტი იოანე ქარსელაძე; მეთოთხმეტე: არქიმანდრიტი გერმანე იაშვილი; მეთხუთმეტე: ხუცეს-მონაზონი ეპიფანე, მესამე რიგში, მარცხნიდან მეხუთე: დეკანოზი იოანე ლუკაშვილი; მეშვიდე: ივანე პურადაშვილი; მეოცე: მღვდელი პ. ებანოიძე, მეოთხე რიგში, მაცხნიდან მეშვიდე დეკანოზი ზაქარია ლუკაშვილი; მეთოთხმეტე: მღვდელი სიკო კახეთელიძე.

გილოცავთ სვეტიცხოვლობას!

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი

ბოლო სიახლეები