პატრიარქმა პორფირემ მადლობა გადაუხადა რუსეთის ეკლესიას სერბული ტაძრების აღდგენაში დახმარებისათვის

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

ჟურნალისთვის «Международная жизнь» მიცემულ ინტერვიუში სერბეთის უწმინდესმა პატრიარქმა პორფირემ მადლიერებით აღნიშნა რუსეთის მართმადიდებელი ეკლესიის მონაწილეობა ბელგრადის წმინდა საბას ტაძრის კეთილგამშვენებაში, ასევე იმ სიწმინდეთა აღდგენაში, რომლებიც 2020-2021 წლების მიწისძვრის დროს დაზიანდა ხორვატიაში.

მისმა უწმინდესობამ აღნიშნა, რომ წმინდა საბას ტაძარი მთელი სერბი ხალხის სანუკვარი ტაძარია. მან დასძინა, რომ ამ ტაძრის ისტორია „ჯერ კიდევ XVI საუკუნიდან იღებს სათავეს, როდესაც თურქებმა დაწვეს ჩვენი უდიდესი წმინდანის წმინდა ნაწილები და ჩვენმა ხალხმა აღთქმა დადო, იმ ადგილას, სადაც ეს მოხდა, თავისი ყველაზე დიდი ტაძარი აეგო“.

მრავალი საუკუნე და ურიცხვი ქველმოქმედი შევიდა წმინდა საბას ტაძრის მშენებლობის ისტორიაში, – აღნიშნა სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა და დასძინა: „იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად არის გადაჯაჭვული რუსეთისა და სერბეთის ისტორია, გასაკვირიც იქნებოდა რუსებს არ მიეღოთ მნიშვნელოვანი მონაწილეობა სერბების მიერ უფლის სადიდებლად ჩაფიქრებულ ამ დიად წამოწყებაშიც. ჩვენ ყველანი ფრიად მადლობელნი ვართ მისი უწმინდესობა პატრიარქი კირილესი და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა იმ დახმარებისათვის, რომლის წყალობითაც დაიწყო სამუშაოები წმინდა საბას ტაძრის შიდა მორთულობის შესაქმნელად“.

უწმინდესმა პატრიარქმა პორფირემ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვ.ვ. პუტინმა 2011 წელს, როცა პირველად ეწვია ამ ტაძარს, გამოთქვა დაინტერესება, რომ რუს ხალხს, რუსეთის სახელმწიფოს, შეეტანა წვლილი სერბი ხალხის აღთქმის შესრულებაში. მადლიერება გამოხატა რა რუსი მეცენატების, ასევე იმ რუსი მხატვრების მიმართ, რომლებიც მოზაიკურ შემკულობაზე მუშაობდნენ, პატრიარქმა ბრძანა: „ახლა უკვე მშენებლობის ეს ეტაპიც დასრულდა. დარჩა მხოლოდ ტაძრის დიდი კურთხევა, რის შემდეგაც გულდამშვიდებით შეგვეძლება ვთქვათ: „ჩვენ, სერბებმა, სრულად აღვასრულეთ ჩვენი დიდი წმინდანისა და განმანათლებლის წმინდა საბას წინაშე დადებული აღთქმა“.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ძმური დახმარების კიდევ ერთი მაგალითია – იმ სიწმინდეთა აღდგენაზე ზრუნვა, რომლებიც ხორვატიაში დამანგრეველი მიწისძვრების სერიამ დააზიანა. „ზოგი ტაძარი მთლიანად დაინგრა, ზოგში კი მსახურების ჩატარება შეუძლებელი იყო ჩამონგრევის საშიშროების გამო“. – ასე დაახასიათა უწმინდესმა მეუფემ სტიქიური უბედურების შედეგად შექმნილი ვითარება.

მან ხაზი გაუსვა: „ამ ტაძარს, ისევე, როგორც ქალაქ გლინას, – ათასობით მართლმადიდებელი ადამიანის საშინელი, აუწერელი ტანჯვისა და წამების ადგილს მეორე მსოფლიო ომის დროს, – ჩვენთვის განსაკიუთრებული მნიშვნელობა აქვს“.

https://mospat.ru

ბოლო სიახლეები