ლვოვის მიტროპოლიტი მაკარი 77 წლის შესრულდა

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის მუდმივი უპირატესი და უხუცესი წევრი, მაღალყოვლადუსამღვდელოესი ლვოვის მიტროპოლიტი მაკარი (მალეტიჩი) 77 წლის შესრულდა.

მიტროპოლიტი მაკარი (ერში მიკოლა მალეტიჩი) დაიბადა 1944 წლის 1 ოქტომბერს უკრაინაში, ლვოვის ოლქის ტულკის რაიონში.

1975 წელს მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის ეკლესიის იურისდქიციაში ხელდასხმული იქნა დიაკვნად და მღვდლად. სწავლობდა ოდესის სასულიერო სემინარიაში, ხოლო 1982 წელს დაასრულა მოსკოვის სასულიერო სემინარია.

1993 წელს გარდაეცვალა მეუღლე და ამის შემდგომ შეუერთდა უკრაინის ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას  (УАПЦ), რის გამოც მოსკოვის საპატრიარქომ განკვეთა სასულიერო ხარისხიდან, ხოლო შემდგომ დაადო ანათემა.

1996 წლის 3 ნოემბერს პატრიარქმა დიმიტრიმ (იარემა), მთავარეპისკოპოს იგორისა (ისიჩენკო) და მთავარეპისკოპოს მეთოდეს (კუდრიკოვის) თანამწირველობით, მას ხელი დაასხა ეპისკოპოსად. მეუფე მაკარი დაადგინეს ლვოვის მღვდელმთავრად. 2011 წელს მიენიჭა მიტროპოლიტის წოდება.

2015 წლის 27 თებერვლიდან იყო უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის (УАПЦ) სამიტროპოლიტო ტახტის მოსაყდრე, ხოლო იმავე წლის 4 ივნისიდან ამავე ეკლესიის მეთაური – უნეტარესი კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი.

2018 წლის ოქტომბერში მსოფლიო საპატრიარქომ, აპელაციის კანონიკური და ექსკლუზიური უფლებით, მიტროპოლიტ მაკარის მოუხსნა მოსკოვის საპატრიარქოს მიერ დადებული ანათემა და ის და მის მორჩილებაში მყოფი სასულიერო იერარქია სცნო კანონიკურად.

2018 წელს უკრაინის ავტოკეფალურმა ეკლესიამ (УАПЦ) გამოაცხადა სტრუქტურული ლიკვიდაცია და უნეტარესი კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი მაკარი გადადგა УАПЦ-ს სამიტროპოლიტო ტახტიდან.

2018 წლის 15 დეკემბერს მიტროპოლიტმა მაკარიმ თავის სამღვდელმთავრო კრებულთან ერთად მონაწილეობა მიიღო მსოფლიო საპატრიარქოს მიერ გამართულ უკრაინის ეკლესიის გამაერთიანებელ კრებაში და შეუერთდა უკრაინის ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას, რომელსაც 2019 წლის იანვარში მსოფლიო საპატრიარქოსგან ებოძა ავტოკეფალია. მეუფე მაკარი დადგინდა ლვოვის მიტროპოლიტად.

ლვოვის მიტროპოლიტი მაკარი არის უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის მუდმივი უპირატესი და უხუცესი წევრი.

ბოლო სიახლეები