უნეტარესი ეპიფანე ალექსანდრიის პატრიარქს მხარდაჭერას უცხადებს

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

2022 წლის 14 იანვარს უნეტარესმა კიევისა და სრულიად უკრაინის უ მიტროპოლიტმა ეპიფანემ მხარდაჭერის ეპისტოლე გაუგზავნა უნეტარეს ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პაპსა და პატრიარქ თეოდორე მეორეს. წერილში უკრაინის უნეტარესი მიტროპოლიტი სრულ მხარდაჭერას გამოხატავს ალექსანდრიის საპატრიარქოსა და უნეტარესი პატრიარქის მიმართ და აღნიშნავს, რომ რუსეთის ეკლესიის ანტიკანონიკური ქმედებები მისთვის (უნეტარესი ეპიფანესათვის) ცნობილია, რადგან წლების მანძილზე სწორედ ამგვარ გარემოში უწევს მოღვაწეობა.

უნეტარესი ეპიფანეს ეპისტოლეში უნეტარესი თეოდორე მეორესადმი ვკითხულობთ:

“თქვენო ღვთაებრივო უნეტარესობავ, პაპო და პატრიარქო და ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკისა, ქრისტე ღმერთისმიერ ძალზედ საყვარელო ძმაო და ჩვენი უმდაბლესობის თანამწირველო, უფალთა უფალო თეოდორე, გულითადად მოგესალმებათ!

დიდი მწუხარებითა და ტკივილით შევიტყეთ რუსეთის ეკლესიის მიერ მიღებული დანაშაულებრივი, მზაკვრული და ბოროტი გადაწყვეტილებების შესახებ ალექსანდრიის და სრულიად აფრიკის წმიდა სამოციქულო საპატრიარქოს კანონიკურ საზღვრებში შეჭრასთან დაკავშრებით, ამრიგად, რუსეთის პატრიარქმა და მის ხელმძღვანელობით სინოდმა უხეშად და გაუმართლებლად დაარღვია კანონიკური წესები, კერძოდ, პირველი მსოფლიო კრების მე-6 კანონი.

ჩვენ კარგად ვიცით, რომ სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილის ქმედებებს აფრიკაში, ე.წ. საეგზარქოსოს დაარსებას არ გააჩნია კანონიკური, სამოძღვრო თუ ქრისტიანული მოტივები, არამედ ეფუძნება მხოლოდ შურისძიებას თქვენი უნეტარესობის მიმართ, რადგან იმყოფებით უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიასთან კანონიკურ კავშირში. ამიტომ, სრულად ვიზიარებთ ალექსანდრიის საპატრიარქოს წმიდა სინოდის მიერ ამ კუთხით მიღებულ ყველა შეფასებასა და გადაწყვეტილებას.

ჩვენ უკრაინაში განვიცდიდით და განვიცდით მოსკოვის საპატრიარქოს ანტიკანონიკურ ქმედებებს. ეს საპატრიარქო დაარსდა მსოფლიო პატრიარქისა და ძველი საპატრიარქოების გადაწყვეტილებით XVI საუკუნის ბოლოს, როგორც ჩრდილოეთ მიწების საპატრიარქო, მაშინდელი მოსკოვის სამეფოში, მაგრამ კიევის სამიტროპოლიტოს გარეშე, რომელიც მსოფლიო საპატრიარქოს ეპარქია იყო, თუმცა, ყველამ იცის, რომ XVII საუკუნის მეორე ნახევარში, მძიმე ვითარებითა და მეფეთა პოლიტიკური ძალაუფლებით ისარგებლა და მოსკოვის საპატრიარქო კიევის სამიტროპოლიტოში შეიჭრა და მას დაეუფლა.

რუსეთის ეკლესიამ აფრიკის ეგზარქოსად მიტროპოლიტი ლეონიდე დაინიშნა. ეს ვითარება სწორედ იმ მოვლენებს გვახსენებს, როდესაც რუსეთის პატრიარქმა შუასაუკუნეებში ანტიკანონიკურად მღვდელი მეთოდე კიევის სამიტროპოლიტოს მოსაყდრედ დაადგნა, მაშინ, როდესაც კანონიკური მიტროპოლიტი ცოცხალი იყო. ეს ფაქტი მაშინდელმა მსოფლიო პატრიარქმა მღვდელ მეთოდეს ანათემირებით გააპროტესტა. 

აქედან დაიწყო მოსკოვის საპატრიარქოს კიევის სამიტროპოლიტოს კანონიკურ საზღვრებში შემოჭრის ისტორია, რომელიც დღემდე გრძელდება, იმის გამო, რომ მოსკოვის საპატრიარქომ და მეფეთა მთავრობამ მაშინ ხელში ჩაიგდო ძალაუფლება კიევის სამიტროპოლიტოზე, ისევე როგორც ისინი ახლა ცდილობენ ძალაუფლების ხელში ჩაგდებას აფრიკაში. ეს გაგრძელდა სამას წელზე მეტ ხანს, სანამ მსოფლიო პატრიარქმა სათანადოდ დაასრულა ასეთი უკანონობა უკრაინის ეკლესიის კრების მოწვევითა და ავტოკეფალიის ტომოსის მინიჭებით.

არ უნდა დავივიწყოთ არც ის მცდელობები, როდესაც რუსეთის ეკლესია შეიჭრა სხვის ტერიტორიებზე და სრულად დაარღვია წმიდა კანონები. ყოველგვარი უფლების გარეშე, ეს ეკლესია და რუსული სახელმწიფო მე-18 საუკუნეში შემოიჭრა ყირიმის სამიტროპოლიტოში, რომელიც მსოფლიო საპატრიარქოს დაქვემდებარებაში იყო. ასევე მე-19 საუკუნის დასაწყისში ის მსგავსადვე შეიჭრა საქართველოს ავტოკეფალურ ეკლესიაში. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კი ამ ეკლესიამ და ზოგადად სტალინურმა სახელმწიფომ დაგეგმა მოეწვია ე.წ. “მსოფლიო კრება”, რათა რუსეთის პატრიარქი “მსოფლიო” პატრიარქად გამოეცხადებინა.

ყველა ეს და მრავალი სხვა ფაქტი და მაგალითი რუსეთის ეკლესიის უკანონო და ანტიკანონიკური ქმედებებისა, რომლებიც განხორციელდა წარსულში და ახლაც გრძელდება, მათ შორის სიძულვილისა და დაპირისპირების გაღვივება ბოლო სამი წლის განმავლობაში კვიპროსისა და საბერძნეთის ეკლესიებისადმი, წარმოადგენენ ცალსახა ფაქტებს, რასაც უდავოდ სჭირდება სათანადო კანონიკური შეფასება. დარწმუნებულნი ვართ, რომ ალექსანდრიის წმიდა საპატრიარქო მსოფლიო საპატრიარქოსა და სხვა ბრძენ პატრიარქებთან და წმიდა ავტოკეფალური ეკლესიების მეთაურებთან ერთად იპოვის შესაბამის კანონიკურ გადაწყვეტას, რომელიც შეაჩერებს მოსკოვის საპატრიარქოს ძალისხმევას მართლმადიდებლობა რუსულ ეთნოცენტრულ სექტად გადააქციოს.

ვარწმუნებთ თქვენს უნეტარესობას ძმურ სიყვარულში, თანადგომასა და ლოცვაში.

თქვენი უნეტარესობის ქრისტესმიერი ძმა

+ ეპიფანე

მიტროპოლიტი კიევისა და სრულიად უკრაინის

კიევი, 2022 წლის 15 იანვარი”.

ბოლო სიახლეები