მსოფლიო საეკლესიო სიახლენი

ჩეხეთისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოკლე ისტორია [ფოტო & PDF]

თარგმნა თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტის კანონიკური სამართლის მაგისტრანტმა ნიკოლოზ გურგენიძე

   ჩეხეთისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელ ეკლესიის დაარსება უკავშირდება ორი თესალონიკელი ძმის, კირილესა (კონსტანტინესა) და მეთოდეს მისიონერულ საქმიანობას დიდ მორავიაში (863). ისინი მსოფლიო პატრიარქმა ფოტიოს დიდმა გააგზავნა მორავიის მთავრის, როსტისლავის თხოვნის საფუძველზე, სადაც ის ითხოვდა მსოფლიო საყდარს გაეგზავნა თავისი წარმომადგენლები, რათა სლავურ ენაზე ექადაგათ ქრისტიანობა. წმიდა კირილემ და წმიდა მეთოდემ გამგზავრებამდე ჯერ სლავური ანბანი შექმნეს, შემდეგ ამ ენაზე – წმიდა წერილი, საღთმრო ლიტურგია და სჯულისკანონი თარგმნეს. რომში მოგზაურობისას 869 წლის 14 თებერვალს კირილე გარდაიცვალა. რომის პაპმა ადრიანე II-მ (867-872) სირმის მთავარეპისკოპოსად აკურთხა მისი ძმა მეთოდე. მისიონერული საქმიანობის დროს წმიდა მეთოდესა და მის მოწაფეებს მრავალი სახის დაპირისპირება და პრობლემა ჰქონდათ ფრანკ სასულიერო პირებთან, რომლებიც განსაკუთრებულ წინააღმდეგობას უწევდნენ მსახურებაში ადგილობრივი სლავური ენის დამკვიდრების გამო, მაშინ, როდესაც თვით რომის პაპი ადრიანემაც კი მხარი დაუჭირა თესალონიკელ მისიონერებს. გარდა სლავური ენის დამკვიდრების გამო დაპირისპირებისა, ასევე ფრანკმა სასულიერო პირებმა  მთავარეპისკოპოს მეთოდეს ფრანკთა მეფესთან, ლუდვიგ II გერმანელთან (806-876) ერეტიკული სწავლებების შემოტანის ბრალდებით უჩივლეს. პასუხად ზალცბურგის მთავარეპისკოპოსის მიერ მოწვეულმა კრებამ დაგმო მისიონერთა საქმიანობა და მეუფე მეთოდეს ბავარიის Ellwangen-ის მონასტერში დაპატიმრება განაჩინეს. მაშინ რომის პაპ იოანე VIII-ს უშუალო ჩარევითა და ბრძანებით, მღვდელმთავარი მეთოდე გაანთავისუფლეს და ნება მისცეს გაეგრძელებინა თავისი საქმიანობა დიდ მორავიაში.

   XI საუკუნეში კვლავ განახლდა დაპირისპირება, სადაც რომის საყდრის ნებართვის გარეშე ფრანკი სასულიერო პირებმა მონასტრებიდან განდევნეს სლავი მონაზვნები და ბრძანეს სლავური ლიტურგიკული წიგნები და ყველაფერი დაეწვათ, რაც მათ მორავებს, ბოჰემეებს, უკრაინელებსა და სხვა სლავ ხალხებს გაახსენებდა.

      შუა საუკუნეებში კი უკვე რომაული უნიის პრობლემა წამოიჭრა დღის წესრიგში, სადაც იეზუიტები განსაკუთრებულად ცდილობდნენ მართლმადიდებელზე დაქვემდებარებულ ყველა ტერიტორიაზე უნიატური წესი დაემკვიდრებინათ. ეს ყველაფერი ძირითადად შემდეგ ტერიტორიებზე ხდებოდა: პოლონეთ-ლიეტუვაში, გალიციაში, ბელორუსსა და უკრაინის კარპატის მთებში.

 XVIII საუკუნეში მსგავსად რთული სიტუაცია იყო სლოვაკეთის მართლმადიდებლებისთვისაც, რომლებიც მუკაჩევოს საეპისკოპოსოს ექვემდებარებოდნენ. ვითარებას უფრო მეტად ართულებდა რომაული უნიისა და იეზუიტებისადმი ადგილობრივი მთავრების მხარდაჭერა. მაშინ სლოვაკეთის 1300 სასულიერო პირიდან 63-მა რომაული უნია მიიღო და კათოლიკე ეკლესიას შეუერთდა. ჩეხეთისა და სლოვაკეთის ტერიტორიების ავსტრიის სახელმწიფოს მიერ დაპყრობამ უკვე მართლმადიდებლებისთვისაც გაართულა სიტუაცია, რომელიც ძალადობრივად ითხოვდა რომაული უნია მიეღოთ მართლმადიდებელთ.

   ამ პერიოდში მოხდა ჩეხებისა და სლოვაკების სერბებთან დაახლოება, რის შედეგად კარლოვიჩის სერბულ სამიტროპოლიტოზე დაქვემდებარება მოჰყვა. ამ პერიოდში სერბეთის სამიტროპოლიტო (ამჟამინდელი სერბეთის საპატრიარქო), ჯერ კიდევ მსოფლიო საპატრიარქოს იურისდიქციაში რჩებოდა. 1831 წლის აგვისტოში სერბეთის მთავრობის თხოვის საფუძველზე მსოფლიო საპატრიარქომ გადასცა ავტონომია სერბეთის სამიტროპოლიტოს, ამ უკანასკნელის კონსტანტინეპოლის საყდრის იურისდიქციაში დარჩენი. 1879 წელს კი კვლავ სერბეთის პოლიტიკოსების თხოვნის საფუძველზე, მსოფლიო საპატრიარქოსგან სერბეთის ეკლესიას ავტოკეფალია მიენიჭა და გადაეცა შესაბამისი ტომოსი. ჩეხური და სლოვაკური სამრევლოების კარლოვიჩის სამიტროპოლიტოზე დაქვემდებარებამ კი პირველი მსოფლიო ომის დასრულებამდე გასტანა.

   XIX საუკუნეში ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში შეიქმნა „ჩეხური მართლმადიდებლური კავშირი“ რომლის მიზანიც პრაღაში მართლმადიდებლური სამრევლოს დაარსება იყო, მაგრამ ავსტრიის მთავრობამ არ დააკმაყოფილა ეს მოთხოვნა და ამ „კავშირის“ ვენის სერბულ სამრევლოზე დაქვემდებარება განაჩინა. ჩეხეთისა და სლოვაკეთის ავტონომიურ-განმანთავისუფლებელ ტენდენციებს ამერიკის სლოვაკ მართლმადიდებელთა დიდი სათვისტომოები აქტიურად უჭერდნენ მხარს.

   I პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ჩეხოსლოვაკიის დამუკიდებელი სახელმწიფოს არსებობამ უკვე თვითმმართველი ადგილობრივი ეკლესიის დაარსების ახალი შესაძლებლობები გააჩინა, რომელთან გაერთიანება დაახლოებით 300 ათასამდე რომაულ უნიამიღებულმა მორწმუნეებმაც გამოხატეს, რომელთა შორის სლოვაკები და კარპატელი უკრაინელები იყვნენ. დღის წესრიგში ახლადდაარსებული სახელმწიფოს მართლმადიდებელი ეკლესიის ორგანიზებისა და იურისდიქციის ირგვლივ არსებულმა სერიოზულმა კანონიკურმა საკითხებმა იჩინეს თავი. ჩეხეთსა და სილეზიაში მართლმადიდებლების მმართველობა ყოფილ რომაელ კათოლიკეს მათე პავლიკს (გორაზდოსი) ჰქონდა აღებული, რომელმაც როდესაც მართლამდიდებლობა მიიღო (1920), სერბეთის ეკლესიამ ის ჩეხეთისა და მორავოსილეზიის ეპისკოპოსად აკურთხა (1921-1942). რომაული უნიიდან დაბრუნებულმა კარპატელმა უკრაინელებმა კი მოსკოვის საპატრიარქოს მიტროპოლიტ ევლოგიზე (რუსული სათვისტომოების მმართველი დასავლეთ ევროპაში) დაქვემდებარებულ ეპისკოპოს სერგის დაექვემდებარნენ. მაშინ მსოფლიო პატრიარქმა მელეტიოს IV მეტაქსაკისმა (1922-1923) ანტიკანონიკურად ჩათვალა სერბეთის ეკლესიისა და მიტროპოლიტ ევლოგის ქმედებები, რადგან ეს ტერიტორიები ოდიდგანვე სწორედ მსოფლიო საპატრიარქოს ექვემდებარებოდა და არ იყო გადაცემული არც სერბეთის ეკლესიაზე და არც მოსკოვის, ამიტომ კანონიკურად ჩეხეთში მართლმადიდებლების მიერ ორგანიზებული საკრებულო აღიარა, რომელიც მსოფლიო საყდრის მიერ ეკურთხებოდა. ჩეხებმა არქიმანდრიტი საბატი (ბრაბეცი) გამოირჩიეს  პრაღისა და სრულიად ჩეხოსლოვაკიის მთავარეპისკოპოსად, რომელსაც 1923 წელს საპატრიარქო და სინოდური ტომოსის (სიგელის) თანახმად ავტონომია გადაეცა და დაარსდა ჩეხოსლოვაკიის მართლმადიდებელი ავტონომიური ეკლესია, რომელიც მსოფლიო საპატრიარქოს ექვემდებარებოდა. მთავარეპისკოპოს საბატის სამრევლოები სლოვაკეთში, ქალაქ პრეშოვშიც იყო. შესაბამისად ჩეხოსლოვაკიის ახლადშექმნილ სახელმწიფოში უკვე სამი სხვადასხვა იურისდიქციის ეკლესია არსებობდა: მსოფლიო საპატრიარქო, რუსეთისა და სერბეთის ეკლესიები.

   მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, ნაცისტური გერმანიის შესვლამ ჩეხოსლოვაკიაში (1939 წლის მარტი) მართლამდიდებლებისთვის კატასტროფული შედეგები მოიტანა. მსოფლიო საპატრიარქოს ავტონომიური მთავარეპისკოპოსი საბატი სამხედრო დანაყოფში გადაიყვანეს, მასზე დაქვემდებარებული სამრევლოები დაიშალა და ქონება დაარიგეს, ხოლო სერბეთის ეკლესიის ეპისკოპოსი გორაზდოსი და მისი სასულიერო პირები 1941 წლის სექტემბერში დახვრიტეს, მართლმადიდებლური სამრევლოები დაიშალა, ჩეხეთის სასულიერო პირები საკონცენტრაციო ბანაკებში გადაიყვანეს. II მსოფლიო ომის დასასრულს მთელ ჩეხოსლოვაკიაში მხოლოდ 26 მოქმედი მართლმადიდებლური ტაძარი არსებობდა, რადგან ნაცისტური გერმანია გასნაკუთრებულად მტრული დამოკიდებულებით იყო ჩეხი და სლოვაკი მართლმადიდებლების მიმართ.

   1946 წლის 26 მაისის სახელმწიფო არჩევნებში გამარჯვებული კომუნისტურ პარტიას შეუერთდა, რომელმაც საბჭოთა კავშირს ღიად დაუჭირა მხარი. ამ პერიოდში რა თქმა უნდა წარმოუდგენლად რთული იყო ჩეხოსლოვაკიის კანონიკური ავტონომიური ეკლესიის პარალელური არსებობა, რადგან ქვეყნის ყველა მართლმადიდებელი ეკლესია საბჭოთა კავშირის ერთგვარი ორგანო გახდა, რამაც ხელი შეუწყო მსოფლიო საპატრიარქოსთან კავშირის გაწყვეტასა და მოსკოვის საპატრიარქოსთან დაახლოებას.

   სლოვაკეთში საბჭოთა ჯარის შესვილსთანავე რუსეთის ეკლესიამ, 1944 წელს, თავისი წარმომადგენელი, არქიმანდრიტი ალექსი (კამბალუკი) მიავლინა, რომელმაც სერბეთის ეკლესიის ეპისკოპოს ვლარიმერ რეიცს საბჭოთა კავშირის მხარდაჭერა და რუსეთის ეკლესიაზე დაქვემდებარება მოსთხოვა, რომელიც 1945 წელს ამ მოთხოვნას დათანხმდა. მსგავსად მიმართეს ჩეხოსლოვაკიის კანონიკური ავტონომიური ეკლესიის მმართველს, პრაღის მთავარეპისკოპოს საბატის, რომელმაც ამის შესახებ 1946 წლის 21 თებერვალს მსოფლიო პატრიარქ ბენიამინს აცნობა. მან უარი განაცხადა მოსკოვის საპატრიარქოზე დაქვემდებარებაზე.

   1946 წლის 14 იანვარს რუსეთის ეკლესია ოფიციალურად შეიჭრა მსოფლიო საპატრიარქოს კანონიკურ ტერიტორიაზე და ანტიკანონიკურად დააარსა ჩეხოსლოვაკიის საპატრიარქო საეგზარქოსო. მიზეზი არა მარტო ადგილობრივი ავტონომური ეკლესიის გაუქმება იყო, არამედ ყველა არსებული იურისდიქციის მასზე დაქვემდებარება. საპატრიარქო საეგზარქოსოს თავმჯდომარედ კი როსტოვის მთავარეპისკოპოსი ელევთერი დანიშნეს (1946-1951). რუსეთის ეკლესიის საეგზარქოსოს პოლიტიკურ მხარდაჭერას ანხორციელებდა სტალინის უშუალო მრჩეველი გ. კარპოვი, რომელიც 1946 წლის ივლისში სპეციალური ვიზიტით ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტ ე. ბენესსა და მთავრობის წარმოამდგენლებს შეხვდა, სადაც ამ საკითხზე შედგა საუბარი. ზეწოლებისა და მუქარის შემდეგ ჩეხოსლოვაკიის კანონიკური მთავარეპისკოპოსი საბატი იძულებული გახდა გადამდგარიყო. 1948 წლის 14 მაისს  რუსეთის ეკლესიის ეგზარქოსი, მთავარეპისკოპოსი ელევთერი დააწინაურეს და მიტროპოლიტის წოდება მიანიჭეს. საბჭოთა კავშირს საკუთარი მიზნები გააჩნდა ჩეხოსლოვაკიაში მართლმადიდებელი ეკლესიის ორგანიზების შესახებ, რომელსაც კარპატის რუსები და მართლმადიდებელი სერბები წინააღმდეგობას უწევდნენ. ჩეხეთისა და სლოვაკეთის ეპარქიებისთვის ახალი ეპისკოპოსების კურთხევა გადაწყდა, რაც ხელს შეუწყობდა მოსკოვის საპატრიარქოს მიერ მიერ ჩეხოსლოვაკიის ეკლესიაზე ანტიკანონიკური ავტოკეფალიის გადაცემას. 1951 წლის 8 დეკემბერს მოხდა მიტროპოლიტ „ავტოკეფალურ“ სამიტროპოლიტო ტახტზე აღსაყდრება.

   იმ პერიოდში ჩეხოსლოვაკიის ე. წ. „ვტოკეფალურ ეკლესიას ოთხი ეპარქია ჰქონდა: ა) პრაღის (38 სამრევლო, 32 მღვდელი), ბ) ოლომოუცის (20 სამრევლო, 12 მღვდელი), გ) პრეშოვის (68 სამრევლო, 67 მღვდელი), და დ) მიხალოვცის (17 სამრევლო, 23 მღვდელი). უნიატური აკადემიის შენობა თეოლოგიურ სკოლად გადაკეთდა, სადაც რუსეთისად მოწვეული ლექტორები დანიშნეს. ასევე გადაწყდა ოფიციალური გაზეთის გამოცემა, სახელწოდებით „მართლმადიდებლობის ხმა“. 1952 წლის 27 ოქტომბერს მიტროპოლიტმა ელევთერმა სლოვაკეთის ქალაქ პრეშოვში გაფართოებული სასულიერო-საერო კრება ჩაატარა, სადაც წარმოდგენილი იყვნენ ოთხი ეპარქია და ყოველი საეპარქიო საბჭოს ცხრა წევრი. შეხვედრაზე განიხილეს ადმინისტრაციული, ლიტურგიკული და ეკონომიკური საკითხები და ასევე სხვადასხვა საეკლესიო პრობლემა, რომელიც უნიატების მართლმადიდებელ ეკლესიაში დაბრუნებას შეეხებოდა. 1968 წლის ცნობილი „პრაღის გაზაფხულის“ შემდეგ მართლმადიდებლობამიღებულმა უნიატებმა დატოვეს მართლმადიდებელი ეკლესია და კვლავ კათოლიკე ეკლესიას შეუერთდნენ. სახელმწიფო განჩინებით კი ყველა ის ტაძარი, რომელიც 1950 წლამდე მათ ეკუთვნოდათ, უკან დაუბრუნდათ. ახალ ვითარებაში ჩეხოსლოვაკიის ეკლესიამ უგულვებელჰყო რუსეთის ეკლესიის ბრძანება, რომლის მიხედვით ეკრძალებოდათ ყოველგვარი კავშირი მსოფლიო საპატრიარქოსთან. მიტროპოლიტ ელევთერსა და იოანეს მემკვიდრეს, პრაღის მიტროპოლიტ დოროთეს (1964-1999) მმართველობის პერიოდში იწყება ჩეხოსლოვაკიის ეკლესიისა და საბერძნეთის ეკლესიას შორის ურთიერთობის განვითარება.

   მსოფლიო საპატრიარქოს არასდროს უღიარებია რუსეთის ეკლესიის მიერ პოლიტიკის ძალით ხელყოფილი ჩეხოსლოვაკიის კანონიკური ავტონომიური ეკლესიის გაუქმება და ახლადდაარსებული „ავტოკეფალური“ ეკლესია. შემდგომ პერიოდშიც კონსტანტინეპოლისა და სხბა ადგილობრივ ეკლესიათა უმრავლესობისთვის ჩეხოსლოვაკიის ეკლესია კვლავ ავტონომიურ ეკლესიათა რანგში იყო.

   როგორც უკვე ავღნიშნეთ, ჩეხეთისა და სლოვაკეთის ეკლესიას ადგილობრივ ეკლესიათა უმრავლესობა ჯერ კიდევ მსოფლიო საპატრიარქოზე დაქვემდებარებულ ავტონომიურ ეკლესიად აღიარებდა. ამიტომ 1998 წელს პრაღის მთავარეპისკოპოსი დოროთე წარდგა მსოფლიო საპატრიარქოს წინაშე და შესაბამისი განმარტებებისა და თხოვნის საფუძველზე, იგივე წლის 3 სექტემბერს მსოფლიო საპატრიარქოს წმიდა სინოდმა ჩეხეთისა და სლოვაკეთის ეკლესიას გადასცა ავტოკეფალიის საპატრიარქო და სინოდური ტომოსი (სიგელი), სადაც ჩაწერილია [ამონარიდი]:

   1. „ჩეხეთისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის უმაღლესი მმართველი ორგანო და თავი იქნება მმართველ მღვდელმთავართაგან შემდგარი წმიდა სინოდი. პრაღის ეპარქიის მმართველ, ამ დროიდან მოყოლებული, ეწოდება უნეტარესი მთავარეპისკოპოსი პრაღისა და სრულიად ჩეხეთისა და სლოვაკეთისა, ძველი ტრადიციის თანახმად, როდესაც ადგილობრივი ეკლესიების მმართველ მიტროპოლიტებს მთავარეპისკოპოსი ეწოდებოდათ, როგორც კვიპროსზე, საბერძნეთში, ალბანეთში და სხვ. ის წარმოადგენს წმიდა სინოდის თავმჯდომარეს, რომელსაც გააჩნია ის უფლებები, რომლებიც მოციქულთა 34-ე კანონშია აღწერილი. დანარჩენი ეპარქიების მმართველ მღვდელმთავრები, რომელთაგან არიან პრეშოვის, მილოვცის, ოლომუცის და ბრნოს, ამაღლდნენ მიტროპოლიტის ხარისხში და მათი ეპარქიები – სამიტროპოლიტო რაგნში.

   პრაღისა და სრულიად ჩეხეთისა და სლოვაკეთის მთავარეპისკოპოსს აქვს უფლება გამოირჩიოს მღვდელმთვრები.

   პრეშოვის მიტროპოლიტს კი ეწოდოს „სლოვაკეთის ეგზარქოსი“, რომელსაც ეძლევა უფლება ჩაატაროს საეკლესიო შეხვედრები სლოვაკეთის სხვა ყოვლადსამღვდელო მიტროპოლიტებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სლოვაკეთის სახელმწიფოში წარმოქმნილი ადგილობრივი საკითხების გადასალახად. ამ შეხვედრის განჩინებები კი საჭიროებენ ჩეხეთისა და სლოვაკეთის ავტოკეფალური ეკლესიის წმიდა სინოდის მიერ გადახედვასა და დამტკიცებას.

   მსგავსად შეუძლია პრაღისა და სრულიად ჩეხეთისა და სლოვაკეთის უნეატრეს მთავარეპისკოპოსს რომ იმოქმედოს ჩეხეთში წარმოქმნილი საკითხების გადასაჭრელად.

   ჩეხეთისა და სლოვაკეთის ეკლესიას შეუძლია სინოდური განჩინების საფუძველზე, შესაბამისი საჭიროების შემთხვევაში კანონიკურად გაზარდოს ეპარქიათა რიცხვი.

   2. წმიდა სინოდი ტარდება დრო და დრო ადმინისტრაციული საკითხების გადასაწყვეტად, ასევე სასულიერო, დოგმატურ-კანონიკური პრობლემების გადასაჭრელად.

   3. დიაკვნები და მღვდლები მეორე ხარისხში საბოლოოდ და მღვდელმთავრები პირველ ხარისხში განისჯებიან მათი ვალდებულებების დარღვევის გამო და განიკითხებიან წმიდა კანონების თანახმად კანონიკურად შემდგარი სინოდური სასამართლოების მიერ, რომელთა შესადგენად მოწვეულები არიან მსოფლიო პატრიარქის განსჯით [დამტკიცებით] მხოლოდ და მხოლოდ დედაეკლესიის წიაღის მღვდელმთავრები ანუ მსოფლიო საყდრის. ამგვარად განსჯილ მღვდელმთავრებს აპელაციისთვის შეუძლიათ მსოფლიო პატრიარქს მიმართონ .

   4. წმიდა მართლმადიდებელ ეკლესიათა დიპტიქში ჩეხეთისა და სლოვაკეთის წმიდა ავტოკეფალური ეკლესიასა და მის მწყემსმთავარს უკავია მეთოთხმეტე ადგილი, ალბანეთის ავტოკეფალური ეკლესიის შემდეგ.

   5. პრაღისა და სრულიად ჩეხეთისა და სლოვაკეთის უნეტარესი მთავარეპისკოპოსი წირვის დროს იხსენიებს „ყოველნი მართლმადიდებელნი ეპისკოპოსნი“, ხოლო წმიდა დიპტიქში მსოფლიო პატრიარქსა და შემდეგ ყველა უნეტარეს პატრიარქს და ავტოკეფალურ მთავარეპისკოპოსებსა და მიტროპოლიტებს, მსოფლიო საპატრიარქოს წესის თანახმად. ყოვლადსამღვდელო მიტროპოლიტები წმიდა მსახურებებზე იხსენიებენ პრაღის მთავარეპისკოპოსს, როგორც მათ შორის პირველს. პრაღისა და სრულიად ჩეხეთისა და სლოვაკეთის უნეტარეს მთავარეპისკოპოსს ეძლევა უფლება ატაროს თეთრი ფერის კუნკულ-ბარტყული ბრილიანტის ჯვრით. ყოვლადსამღვდელო მიტროპოლიტებმა ატარონ მუქი ფერის კუნკულ-ბარტყული ბრილიანტის ჯვრით.

   6. ჩეხეთისა და სლოვაკეთის ეკლესია თავის დედაეკლესიასთან სულიერი კავშირის გამოსახატად მირონცხების მირონს მსოფლიო პატრიარქისგან იღებს.

   7. წმიდა სინოდის ძირითადი მოვალეობაა მართლმადიდებლური სარწმუნოების დაცვა და სული წმიდისმიერი კავშირი მსოფლიო საპატრიარქოსადა დანარჩენ მართლამდიდებელ ეკლესიებთან. მხოლოდ მსოფლიო საპატრიარქოს წმიდა სინოდის წინაშეა პასუხისმგებელი, ასევე გაფართოებული კრების, რომელსაც მსოფლიო საპატრიარქო იწვევს.

   8. ზოგადი საეკლესიო ხასიათის წარმოქმნილი საკითხებისა და კითხვების შემთხვევაში, პრაღისა და სრულიად ჩეხეთისა და სლოვაკეთის უნეტარესი მიტროპოლიტი მიმართავს ჩვენს უწმიდეს მსოფლიო საპატრიარქო საყდარს, რომელსაც კავშირი აქვს ყველა მართლმადიდებელ ეკლესიასთან, სადაც ითხოვს და ეკლესიების აზრს“. 


წყარო

  • Φειδάς Β., Εκκλησιαστική Ιστορία Γ’, Αθήναι 2014, გვ. 645-655.
  • Ορθοδοξία (1998), გვ. 433-438.

ჩეხეთისა და სლოვაკეთის ავტოკეფალური ეკლესიის მწყემსმთავრები


რუსეთის ეკლესიის მიერ უკანონოდ დაარსებული ავტოკეფალური ეკლესიის მწყემსმთავრები

მიტროპოლიტი ელევთერი (ვორონცოვი)

მიტროპოლიტი ელევთერი დაიბადა 1892 წლის 30 ოქტომბერს მოსკოვის ოლქში. გარდაიცვალა 1959 წლის 27 მარტ ლენინგრადში [პეტერბურგში]. თავდაპირველად გახლდათ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთვარი, ლენინგრადისა და ლადოგის მიტროპოლიტი (1955-1959). 1951 წელს რუსეთის ეკლესიის მიერ ჩეხეთისა და სლოვაკეთის ეკლესიის შიდა ცხოვრებაში უკანონო ჩარევის შედეგად დაინიშნა მოსკოვის საპატრიარქოს მიერ დაარსებული ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიის პირველ მწყემსმთავრად (1951-1955).


მიტროპოლიტი იოანე, დაიბადა 1910 წლის 20 სექტემბერს, სოფელ კარგალსკაიაში. გარდაიცვალა 1975 წლის 5 ივნისს ოდესაში. ის იყო პრაღისა და სრულიად ჩეხოსლოვაკიის მიტროპოლიტი, რიგით მეორე მწყემსმთავარი 1956-1964 წლებში.


მსოფლიო საპატრიარქოს მიერ კანონიკურად დაარსებული ჩეხეთისა და სლოვაკეთის ავტოკეფალური ეკლესიის მწყემსმთავრები

უნეტარესი მთავარეპისკოპოსი დოროთე (ფილიპი)

უნეტარესი მიტროპოლიტი დოროთე დაიბადა 1913 წლის 20 ოქტომბერს ნანკოვში, გარდაიცვალა 1999 წლის 30 დეკემბერი პრაღაში. ის იყო ჩეხეთისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მწყემსმთავარი შემდეგი ტიტულით: “მთავარეპისკოპოსი პრაღისა და სრულიად ჩეხეთისა და სლოვაკეთისა”. მწყემსმთავრობდა 1964-1999 წლებში.


უნეტარესი მთავარეპისკოპოსი ნიკოლოზი (კოცვარი)

უნეტარესი მიტროპოლიტი ნიკოლოზი დაიბადა 1927 წლის 19 დეკემბერს განიგოვცეში, საბინოვის ოლქში და გარდაიცვალა 2006 წლის 30 იანვარი, პრეშოვში. ის გახლდათ ჩეხეთისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მწყემსმთავარი შემდეგი ტიტულით: “მთავარეპისკოპოსი ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთისა”. მწყემსმთავრობდა 2000-2006 წლებში.


უნეტარესი მიტროპოლიტი ქრისტეფორე (პულეცი)

უნეტარესი მიტროპოლიტი ქრისტეფორე დაიბადა 1953 წლის 29 ივნისს პრაღაში. გახლდათ ჩეხეთისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური – მიტროპოლიტი პრაღისა, სრულიად ჩეხეთისა და სლოვაკეთისა 2006 წლის 2 მაისიდან. 2013 წლის 12 აპრილს უნეტარესი მიტროპოლიტი ქრისტეფორე გადადგა ჩეხეთისა და სლოვაკეთის ეკლესიის მეთაურობიდან. უნეტარეს ქრისტეფორეს განესაზვრა ტიტული საპატიო მთავარეპისკოპოსი პრაღისა და მიტროპოლიტი ჩეხეთისა და სლოვაკიის.


მაღალყოვლადუსამღვდელოესი მთავარეპისკოპოსი სვიმეონი (იაკოვლევიჩი)

მთავარეპისკოპოსი სვიმეონი დაიბადა 1926 წლის 12 თებერვალს პრაღაში. 2000 წლის 9 აპრილიდან გახლდათ ოლომოუცისა და ბრნოს ეპისკოპოსი. 2006 წლის 12 თებერვლიდან – მთავარეპისკოპოსი, 2013 წლის 12 აპრილიდან 9 დეკემბრამდე – ჩეხეთისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სამიტროპოლიტო ტახტის მოსაყდრე. დიდი ხნის განმავლობაში, გარკვეული მიზეზების გამო მსოფლიო საპატრიარქო მას მიიჩნევდა ჩეხეთისა და სლოვაკეთის ეკლესიის მოსაყდრედ და არ აღიარებდა რუსების ჩარევით არჩეულ მწყემსმთავარს მიტროპოლიტ როსტისლავს.


უნეტარესი მიტროპოლიტი როსტისლავი (გნოტი)

უნეტარესი მიტროპოლიტი როსტისლავი დაიბადა 1978 წლის 25 იანვარს სნინაში. 2014 წლის 11 იანვრიდან დღემდე გახლავთ ჩეხეთისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მწყემსმთავარი.

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *