მსოფლიო საეკლესიო სიახლენი

მწყემსმთავრები და მოსაყდრე, რომლებმაც მიულოცეს მიტროპოლიტ ონოფრეს

2020 წლის 9 დეკემბერს ოცდაათი წელი შესრულდა უკრაინაში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პირველიერარქის, მიტროპოლიტ ონოფრეს მღვდელმთავრად ქიროტონიიდან.

1990 წლის 9 დეკემბერს, კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტმა (ამჟამად უკრაინის საპატიო პატრიარქი) ფილარეტმა, მღვდელმთავართა თანამსახურებით, არქიმანდრიტ ონოფრეს ხელი დაასხა ეპისკოპოსად.

მღვდელმთავრად ქიროტონიიდან ოცდაათი წლის იუბილე მიტროპოლიტ ონოფრეს ოფიციალური წერილებით მიულოცეს მართლმადიდებელი ეკლესიის ოთხმა მწყემსმთავარმა და ერთმა მოსაყდრემ:

უწმიდესმა სრულიად რუსეთისა და მოსკოვის პატრიარქმა კირილემ;

უწმიდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ;

სრულიად სერბეთის საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მაღალყოვლადუსამღვდელოესმა დაბრო-ბოსნიის მიტროპოლიტმა ქრიზოსტომოსმა;

უნეტარესმა სრულიად ჩეხეთისა და სლოვაკეთის მიტროპოლიტმა როსტისლავმა;

უნეტარესმა სრულიად ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტმა ტიხონმა.

თითოეულმა მათგანმა თავიანთ ოფიციალურ წერილებში უკრაინაში რუსეთის ეკლესიის პირველიერარქს, მიტროპოლიტ ონოფრეს მიმართეს, როგორც კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარეს მიტროპოლიტს.

აღვნიშნავთ, რომ 2019 წელს მსოფლიო საპატრიარქომ აღასრულა თავისი კანონიკური და ექსკლუზიური უფლება და თავისი ისტორიული კიევის სამიტროპოლიტოს ბაზაზე დაარსა უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც არის უკრაინის ტერიტორიაზე ერთადერთი კანონიკურად მოქმედი ეკლესია, რომლის მეთაური გახლავთ კიევისა და სრულიად უკრაინის ერთადერთი უნეტარესი მიტროპოლიტი ეპიფანე.

რაც შეეხება რუსეთის ეკლესიის უკრაინაში არსებობას, მისი მოქმედება ამ ეტაპზე დაშვებულია იკონომიის პრინციპით, მხოლოდ სამწყსოს კანონიკური სულიერი დაპურების მიზეზით.

უკრაინაში რუსეთის ეკლესიის პირველიერარქის, მიტროპოლიტ ონოფრესადმი წოდება, როგორც კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარესი მიტროპოლიტისა, სამწუხაროდ, წარმოადგენს საეკლესიო სამართლისა და კანონიკური წესრიგის დარღვევას.

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *