მსოფლიო საეკლესიო სიახლენი

წმიდა კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ მეორე მრავალვნებული – 3 იანვარი – ხსენების დღე

1827 წლის ძვ.სტ. 21 დეკემბერს (ახ.სტ. 3.01), რუსეთში, გადასახლებაში აღესრულა აღმოსავლეთ საქართველოს უკანასკნელი კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ მეორე (ბაგრატიონი), რომელიც რუსეთის იმპერიამ 1810 წელს გადაასახლა შორეულ რუსეთში, საიდანაც სამშობლოში დაბრუნება აღარ აღირსეს და იქვე გარდაიცვალა.

გავიხსენოთ ჩვენი სამშობლოსა და ეკლესიისთვის დამაშვრალი და რუსთა ტყვეობაში აღსრულებული წმიდა კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ მეორე.

ერისკაცობაში თეიმურაზ ერეკლეს ძე ბაგრატიონი, დაიბადა 1762 წლის ძვ.სტ. 8 იანვარს. იგი გახლდათ ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე მეორის მეოთხე ვაჟიშვილი, დედოფალ დარეჯანისგან. ახალშობილს სახელი უწოდეს თავისი ბაბუის, მეფე თეიმურაზ მეორის საპატივცემულოდ. თეიმურაზ ბაგრატიონმა იმჟამინდელი ვითარების შესაბამისად, საუკეთესო სწავლა-განათლება მიიღო.

მის სულიერ და ინტელექტულურ განსწავლას უშუალო ხელმძღვანელობას უწევდა უწმიდესი აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ პირველი (ბაგრატიონი, 1744-1755; 1762-1788).

თეიმურაზ ბაგრატიონი, სრულიად ახალგაზრდა აღიკვეცა ბერად და მას, თავისი სულიერი აღმზრდელისა და მასწავლებლის, კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ პირველის საპატივსაცემოდ, მონაზვნობაში ეწოდა ანტონი (აღსანიშნავია, რომ კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ პირველის ერისკაცობის სახელიც თეიმურაზი გახლდათ).

დიაკვნისა და მღვდლის ხარისხებში ხელდასხმის შემდეგ, 1784 წელს, 22 წლის ასაკში, რუსეთში ყოფნისას, მეფე ერეკლე მეორის თხოვნით, იგი ხელდასხმული იქნა ეპისკოპოსად და დადგინდა ნინოწმინდელ მღვდელმთავრად.

ამავე წელს, ეპისკოპოსი ანტონი ალავერდელ მიტროპოლიტად დაინიშნა. 1789 წელს მიტროპოლიტი ანტონი აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად და მცხეთის მთავარეპისკოპოსად აღსაყდრდა. კათოლიკოს-პატრიარქობასთან ერთად, მან შეინარჩუნა და შეითავსა ალავერდელი მიტროპოლიტის წოდება და პირადად მართავდა ალავერდის სამიტროპოლიტოს.

ოცდაშვიდი წლის კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ მეორე, გულმოდგინე შემართებით შეუდგა ქართლის საკათოლიკოსოს მწყემსმთავრობას. იგი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა სასულიერო და საერო განათლების მიღება-გავრცელებას იმჟამინდელ ქართველ ახალგაზრდებს შორის. პატრიარქი ანტონი, ასევე აქტიურად აწარმოებდა მისიონერულ მოღვაწეობას. მან ამ მიზნით, საგანგებო ჯგუფი წარგზავნა საქართველოს მთიანეთში, ამ მხარეში ქრისტეს რჯულის განსამტკიცებლად.

კათოლიკოს-პატრიარქმა ანტონ მეორემ, იმერეთში მეფედ აკურთხა სოლომონ მეორე. კათოლიკოსი ანტონი, ქართული ეროვნულ-სახელმწიფოებრივი იდეების მტკიცე მხარდამჭერი და აღმსრულებელი გახლდათ…

1795 წელს, აღა-მაჰმად-ხანის შემოსევისა და კრწანისის ტრაგიკული ბრძოლის შემდეგ, უწმიდესი და უნეტარესი ანტონ მეორე პირადად ხელმძღვანელობდა თბილისის იავარ-ქმნილი ტაძრების აღდგენასა და განახლებას… კათოლიკოს-პატრიარქი მაღალი ავტორიტეტით სარგებლობდა ქართულ საზოგადოებრივ წრეებში. მის მიმართ, თვით რუსი მოხელეებიც ვერ ფარავდნენ პატივისცემას. მთავარმმართებელი ტორმასოვი წერდა:

„სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ კათოლიკოსი ანტონ მეორე იშვიათი თვისების ადამიანია და წესრიგის მოყვარული პიროვნებაა, რომელსაც საყოველთაო პატივისცემა აქვს მოპოვებული.“

თავდაპირველად, კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ მეორე რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობის მომხრე გახლდათ, 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატის პირობებით. 1801 წელს, რუსეთის იმპერატორის მანიფესტის წაკითხვისას, რომლის მიხედვით გაუქმებულად გამოცხადდა ქართლ-კახეთის სამეფო, კათოლიკოს ანტონს მოუწია თბილისის სიონში გადაეხადა პარაკლისი.

1801 წლის ძვ.სტ. 10 მარტს რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე პირველმა, კათოლიკოს-პატრიარქს ანტონ მეორეს უბოძა სერაფიმებით მორთული თეთრი კუნკულ-ბარტყული, ზედ ბრილიანტის ჯვრით, ხოლო 1801 წლის ძვ.სტ. 15 სექტემბერს, ამავე იმპერატორმა, იგი დააჯილდოვა წმიდა ალექსანდრე ნეველის ორდენით.

თუმცა, კათოლიკოს-პატრიარქი არ ურიგდებოდა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის ხელყოფასა და გიორგი მეთორმეტის გარდაცვალების შემდეგ, სამეფო ტახტზე მხარს უჭერდა იულონ ბატონიშვილს, რამაც ძლიერ გაანაწყენა მთავარმმართებელი კნორინგი, რომელსაც ქართლ-კახეთის სამეფო ტახტის გაუქმებასთან ერთად, რუსეთის საიმპერატორო კარის დავალებით, მტკიცედ ჰქონდა განზრახული საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება.

რუსეთის კოლონიზატორული ხელისუფლება, კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ მეორისგან მოითხოვდა, რომ რუსული მმართველობის მომხრე სასულიერო პირები გაემრავლებინა ეკლესიაში, რასაც კათოლიკოსი აშკარა თუ ფარულ წინააღმდეგობას უწევდა, რაც რასაკვირველია, კატეგორიულად მიუღებელი გახლდათ რუსეთის საიმპერატორო კარისთვის.

1808 წელს, რუსეთის იმპერიამ, საქართველოში საგანგებოდ წარმოგზავნა ეროვნებით ქართველი მღვდელმთავარი, ქსნის ერისთავთა საგვარეულოს შთამომავალი, ეპისკოპოსი ვარლამი, რომელიც მკაფიოდ გარკვეული გახლდათ რუსეთის ეკლესიის სტრუქტურაში.

რუსული ხელისუფლება ეპისკოპოს ვარლამს ავტოკეფალიის გაუქმების შემდგომ, საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავრად ამზადებდა… რუსეთში გადაასახლეს კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ მეორის დედა, დარეჯან დედოფალი, ასევე გადასახლებული იქნენ ბატონიშვილები. 1808 წელს რუსეთში აღესრულა დარეჯან დედოფალი. დედის გარდაცვალების შესახებ, კათოლიკოსმა ანტონმა იონა ხელაშვილის სამძიმრის წერილით შეიტყო.

1809 წელს მთავარმმართებელი ტორმასოვი შეეცადა, რომ „იმპერატორის მიწვევით“, კათოლიკოსი ანტონი რუსეთში წასულიყო, რაზეც პატრიარქმა ავადმყოფობის მომიზეზებით უარი განაცხადა. მცირე ხანში, მთავარმმართებელმა, კათოლიკოს-პატრიარქს მოთხოვა ქაშუეთის წმიდა გიორგის სახელობის ტაძარში, ქართული წირვა-ლოცვის საერთოდ გაუქმება და იქედან, ეროვნებით ქართველი მღვდლების დათხოვნა, რასაც კათოლიკოს-პატრიარქი არ დამორჩილდა და არ შეასრულა მთავარმმართებლის ხსენებული მოთხოვნა.

რუსეთის იმპერიისთვის, უწმიდესი და უნეტარესი ანტონ მეორე კიდევ მეტად მიუღებელი პერსონა გახდა… რუსეთის კოლონიზატორულმა ხელისუფლებამ თავისთვის ჩვეულ პროვოკაციულ ხერხს მიმართა და კათოლიკოს-პატრიარქს ანტონ მეორეს დაუპირისპირა უღირსი რეპუტაციის მქონე მიტროპოლიტი არსენი, რომელმაც კათოლიკოსს ბრალი დასდო მიწათმფლობელობის წესის დარღვევაში და შესაბამისი ცილისმწამებლური წერილი მიწერა რუსეთის იმპერატორს. ამ უკანასკნელმა, კვლავ მიიწვია რუსეთში კათოლიკოს-პატრიარქი ანტონი, რომელიც იძულებული გახდა, რუსეთს გამგზავრებულიყო.

1810 წლის 3 ნოემბერს, უწმიდესმა აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ანტონ მეორემ, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში უკანასკნელად აღასრულა საღმრთო ლიტურგია, გამოეთხოვა სამშობლოსა და რუსეთში გაემგზავრა. 1811 წელს რუსეთის იმპერიამ, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია, ქართლის საკათალიკოსო ტახტზე, გაუქმებულად გამოაცხადა.

პეტერბურგში ჩასულ კათოლიკოს-პატრიარქს ანტონ მეორეს, რუსეთის იმპერატორი მოჩვენებითი პატივით ეპყრობოდა. იგი რუსეთის ეკლესიის წმიდა სინოდის მეხუთე წევრად დაადგინეს, კათოლიკოსის წოდებისა და უნეტარესის ტიტულის შენარჩუნებით. გადასახლებულ მამამთავარს უბოძეს ხავერდის მანტია, წმიდა ანდრია პირველწოდებულის ორდენი და იმპერატორ ელისაბედის ნაქონი ექვსცხენიანი ეტლი.

ასევე, მას დაუნიშნეს პენსია, წლიური ორმოცდათოთხმეტი ათასი მანეთის ოდენობით. მიუხედავად, ყოველივე აღნიშნულისა, კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ მეორე, სრულიად სამართლიანი პროტესტის ნიშნად არ ესწრებოდა რუსეთის ეკლესიის სინოდის სხდომებსა და არავითარ მონაწილეობას ღებულობდა რუსულ საეკლესიო მმართველობაში.

1811 წელს იგი მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად, საიდანაც 1812 წელს ტამბოვში გადასახლდა. 1819 წელს, კათოლიკოს-პატრიარქი ანტონი კვლავ პეტერბურგში დაბრუნდა. ჯანმრთელობაშერყეული ქართველი კათოლიკოსი რუსეთის ხელისუფლებას თხოვდა, რომ საქართველოში დაბრუნების ნებართვა მიეცათ, რაზეც რუსეთის საიმპერატორო კარი კატეგორიულ უარს ეუბნებოდა, იმ მოტივით, რომ სამშობლოში დაბრუნებული კათოლიკოს-პატრიარქი ანტონი, სრულიად ლეგიტიმურად შეძლებდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას…

საბოლოოდ, კათოლიკოსი დასახლდა ნიჟნი-ნოვგოროდის სოფ. ლისკოვოში, სადაც მეფე ვახტანგ მეექვსისა და მისი ამალის წევრების შთამომავლები ცხოვრობდნენ. გადასახლებული ქართველი კათოლიკოს-პატრიარქი წირვა-ლოცვას აღასრულებდა პოკროვის ტაძარში. სამშობლოსა და მშობლიური ეკლესიის მონატრების უმძიმესმა დარდმა კათოლიკოს-პატრიარქ ანტონს ჯანმრთელობა მნიშვნელოვნად შეურყია…

უწმიდესი აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ მეორე, სამოცდახუთი წლისა, 1827 წლის ძვ.სტ. 21 დეკემბერს, დილის 10:00 სთ-ზე აღესრულა რუსული იმპერიის ტყვეობაში, სამშობლოს ნახვის წყურვილით გულდაკოდილი…

უწმიდესი ანტონ მეორე დაკრძალეს სკორბიაშენსკის ტაძარში, სადაც 14 წლის განმავლობაში განისვენებდა, ხოლო 1841 წლის ძვ.სტ. 9 სექტემბერს, მისი ნეშტი გადაასვენეს მაცხოვრის ფერისცვალების სახ. ტაძარში.

მოგვიანებით, რუსეთის სახელმწიფომ, საბჭოთა ეპოქისას, კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ მეორის საფლავიც არ დაინდო და ფერისცვალების ტაძარი, სადაც იგი განისვენებდა, საბჭოთა კომუნისტურმა ხელისუფლებამ ააფეთქა…

სამწუხაროდ, დღესდღეობით, კათოლიკოს-პატრიარქის ანტონ მეორის საფლავი დაკარგულია.

კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ მეორე მეტად ტრაგიკული პიროვნება და მამამთავარი გახლავთ ჩვენი სამშობლოსა და დედაეკლესიის მრავალსაუკუნოვან მატეანეში…

იგი ვერ ეღირსა სამშობლოში, თავის სამწყსოში დაბრუნებასა და რუსთა ტყვეობაში, გადასახლებაში აღმოხდა სული… მან ვერც მშობლიურ ქართულ მიწაში ჰპოვა საუკუნო ძვალთშესალაგი… რუსეთის სახელმწიფომ მისი საფლავიც კი აღგავა პირისაგან მიწისა…

2011 წლის 11 ივლისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის განჩინებით, კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ მეორე წმიდათა დასში შეირაცხა, ეწოდა მრავალვნებული და მისი ხსენების დღედ ახ.სტ. 3 იანვარი (ძვ.სტ. 21 დეკემბერი) დადგინდა.

მეოხ გვეყოს უფლის წინაშე წმიდა კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ მეორე, რათა საქართველო გათავისუფლდეს რუსეთის სახელმწიფოს საოკუპაციო კლანჭებისგან, რომელმაც თავის დროზე, თვითონ უწმიდესი და უნეტარესი ანტონ მეორე რუსეთის უცხო მიწაზე გადაასახლა და ტყვეობაში მყოფმა, ამქვეყნიური სიცოცხლეც გადასახლებაში დაასრულა.

შეგვეწიე, რუსთაგან მრავალვნებულო წმიდაო კათოლიკოს-პატრიარქო ანტონ!

წყარო: deocupattion.ge

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *