მსოფლიო საეკლესიო სიახლენი

მიტროპოლიტი იოანე (ზიზიულასი) 90 წლის შესრულდა

2021 წლის 10 იანვარს დაბადებიდან 90 წელი შეუსრულდა თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ გამოჩენილ და ცნობილ ღვთისმეტყველს, მსოფლიო საპატრიარქოს ერთ-ერთ გამორჩეულ მღვდელმთავარს, პერგამოსის მიტროპოლიტ იოანეს (ზიზიულასი).

ბიოგრაფია

   მიტროპოლიტი იოანე ზიზიულასი (ბერძნ. Ιωάννης Ζηζιούλας) დაიბადა 1931 წლის 10 იანვარს კოზანში (Κοζάνης; საბერძნეთი). 1950 წელს სწავლობდა თესალონიკისა და ათენის უნივერსიტეტებში (საბერძნეთი), 1955 წელს კი ბოსეს ინსტიტუტში (შვეიცარია, Bossey Ecumenical Institute ). 1960-1964 წლებში მუშაობდა სადოქტორო დისერტაციაზე მამა გიორგი ფლოროვსკის ხელმძღვანელობით ამავდროულად საქმიანობდა ვაშინგტონის უნივერსიტეტის ბიზანტინისტიკური კვლევების ცენტრში (Dumbarton Oaks Research Library and Collection is an institute in Washington). იოანე ზიზიულასს ათენის უნივერსიტეტმა 1965 წელს მიანიჭა დოქტორის ხარისხი, ამავე უნივერსიტეტში მოღვაწეობდა ეკლესიის ისტორიის ასისტენტ პროფესორად მომდევნო 6 წლის მანძილზე. 1970-1973 წლებში იყო ედინბურგის უნივერსიტეტის პროფესორი, შემდეგ გადავიდა გლაზგოს უნივერსიტეტში და 14 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა სისტემურ თეოლოგიას ლონდონის კინგსის კოლეჯში ( King’s College London). 1986 წელს აირჩიეს პერგამოს ტიტულარულ მიტროპოლიტად, ამავდროულად იწყებს მუშაობას თესალონიკის უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტზე დოგმატიკის პროფესორად.

ღვთისმეტყველება

  მიტროპოლიტ იოანე ზიზიულასის თეოლოგიური შრომები ფოკუსირებულია ეკლესიოლოგიასა და საღვთისმეტყველო ონტოლოგიაზე, ისინი შესამჩნევად განიცდიან რუსი ემიგრირებული თეოლოგების გავლენას (ნიკოლაი აფანასიევი, ვლადიმერ ლოსკი, გიორგი ფლოროვსკი), ასკეტიკურ ღვთისმეტყველებაში განსაკუთრებით შეინიშნება მისი სულიერი მოძღვრის- ეფრემ სახაროვის გავლენა (სწორედ ამ უკანასკნელის დაარსებულია იოანე ნათლისმცემლის სტავროპიგიალური მონასტერი ესექსში, <ინგლისი>).

ეკლესიოლოგია

მიტროპოლიტმა იოანე ზიზიულასმა ეკლესიოლოგია განავითარა სადოქტორო დისერტაციაში, რომელიც 1965 წელს დაიცვა სახელწოდებით- ,,ევქარისტია, ეპისკოპოსი, ეკლესია.’’ სადაც მკვლევარი  განიხილავს ნიკოლაი აფანასიევის სწავლებას, რომელსაც ეთანხმება პრინციპულ კონტექსტში, რომ ეკლესია უნდა გაიგებოდეს ტერმინ ევქარისტიასთან ერთად, თუმცა არ ეთანხმება საეკლესიო კრების საკითხებში. ზიზიულასი ანვითარებს საეკლესიო სტრუქტურის ეპისკოპოცენტრულ გაგებას, რადგან ეპისკოპოსია უპირველესად ღვთაებრივი ლიტურგიისა და ევქარისტიული თემის ხელმძღვანელი.

საღვთისმეტყველო ონტოლოგია 

       მიტროპოლიტი იოანე პიროვნების თეოლოგიაზე მუშაობისას განიხილავდა წმ. ირინეოსის და წმ. მაქსიმე აღმსარებლის შრომებს და ყურადღებას ამახვილებდა, რომ პიროვნების შესახებ საეკლესიო სწავლება მნიშვნელოვნად განიცდის ბერძნული ფილოსოფიის გავლენას.

მიტროპოლიტი ანვითარებს აზრზს, რომ ადამიანური განსრულება მიიღწევა მხოლოდ ტრიადოლოგიურ (სამპიროვან) ღმერთთან ურთიერობით, ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ონტოლოგიისა და პიროვნების აუცილებელი კომპონენტი  არის თავისუფლება, რაც საკუთრივ დასტურდება ურთიერთობით. მკვლევარი ხაზგასმით მიუთითებს, რომ ნათლობა ონტოლოგიურად ცვლის ადამიანს, ბიოლოგიურ პიროვნებას და ქმნის მას ეკლესიოლოგიურ ჰიპოსტასად. ეს ხელმეორედ შობა აძლევს მას ახალ, ონტოლოგიურ თავისუფლებას. ამგვარი ეკლესიოლოგიური მყოფობა არის ესქატოლოგიური, ხოლო ხელმეორედ შობის განსრულება არის აღდგომის დღე, რის შემდეგაც სხეული აღარ განიცდის სიკვდილს.

წყარო: “წმიდა გრიგოლ პალამას სახელობის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრი”

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *